ირაკლი ფავლენიშვილი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებულ სამართლებრივ დავაში ჩართვაზე გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებს
ვის დაუჭერს საქართველოს მოქალაქე მხარს, ივანიშვილის გადასაწყვეტი არ უნდა იყოს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დროებითი მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი ფავლენიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
ფავლენიშვილის თქმით, „ეს არის, მათივე დათვლით, მილიონამდე ადამიანისთვის ხმის მიცემის აკრძალვა, რადგან ეს პარტიები მოსწონთ და ამ პარტიებს უჭერენ მხარს“.
„ივანიშვილის გადასაწყვეტი არ უნდა იყოს, ვის დაუჭერს საქართველოს მოქალაქე მხარს, რადგან ეს არის 9 აპრილის მთავარი მონაპოვარი, ერთ-ერთი, გარდა დამოუკიდებლობისა. დამოუკიდებლობა რეალურად არის ის, რომ საქართველო, ჩვენი თავი ჩვენვე გვეკუთვნის, ანუ ჩვენ ვირჩევთ ჩვენთვის სასურველ პოლიტიკურ ძალას. შესაბამისად, ამის უფლება ქართველი ხალხისთვის ასე თავხედურად არავის არ წაურთმევია“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ჩაერთვება თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ სამართლებრივ დავაში, გეგმავს თუ არა სამართლებრივ განხილვებში მონაწილეობას და თუ სამართლებრივ დავაში ჩაერთვება, ვინ დაიცავს ამ პოლიტიკური ძალის ინტერესებს, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა, რომ პარტია უახლოესი დღეების მანძილზე საზოგადოებას საქმის კურსში ჩააყენებს.
„ამაზე კონკრეტულ პასუხს უახლოეს დღეებში გაიგებს საზოგადოება, ვაპირებთ თუ არა და ვინ წარმოგვადგენს. უახლოეს დღეებში, სადღაც ერთ კვირაში არის ეს პროცესი დასაწყები. რა თქმა უნდა, ისტორიული პროცესია“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.
შეკითხვაზე, ემხრობა თუ არა თავად, რომ პარტია ჩაერთოს სამართლებრივ განხილვაში, ფავლენიშვილმა აღნიშნა, რომ ამ საუბარში არ შევა.
„არ შევალ ახლა საუბარში, არ იქნება სწორი, ვიდრე ეს გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული. უბრალოდ, მე მარტივად გეტყვით, რომ ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ ამ განხილვაზე, განხილვის მთავარი არსი გახლავთ საქართველოს ბრძოლის, თავისუფლებისთვის ბრძოლის უსამართლოდ მიჩნევა“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.
თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, უარყოფს თუ არა ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებს, რომელიც წინა მმართველობას უკავშირდება და რაზეც საუბარია კომისიის დასკვნაში, ფავლენიშვილმა აღნიშნა, რომ ამის შესახებ ძალიან კარგად ახსნა მიხეილ სააკაშვილმა ბოლო სასამართლო გამოსვლაზე.
„მიხეილ სააკაშვილს საქართველო არ ჩაუბარებია ნორვეგიის ან შვედეთის მსგავსი ტიპის სახელმწიფო დემოკრატიის კონსოლიდაციისა და ინსტიტუციური სიძლიერის კუთხით. მან ჩაიბარა ქვეყანა, სადაც შსს-ს შენობებიდან ხალხს აგდებდნენ, სადაც მილიცია ადამიანებს აჩერებდა და ქრთამს ართმევდა, ოღონდ ეს ქრთამი კი არ იყო, ეს იყო ყოველდღიური ცხოვრების წესი – რომ უნდა გადაგეხადა, ქრთამის გადახდა იყო კანონიერი. ხალხი მიჩვეული იყო ფულის მოტეხვას, ხალხი მიჩვეული იყო სახელმწიფოსთვის ფულის მოპარვას ისე, რომ ეს იყო თურმე ქართული, ჯიგრული, კარგი პონტი და ასე ცხოვრობდნენ თაობები. ამ ქვეყნისგან მერე ევროპული ტიპის სახელმწიფოს გამოძერწვა, რა თქმა უნდა, ურთულესი იყო და საჯარო მოხელეების კუთხით ასევე იყო სერიოზული პრობლემები. საჯარო მოხელეების მენტალური პრობლემები იყო, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ოღონდ ეს მენტალური პრობლემები ფსიქიკურ აშლილობას კი არ უკავშირდებოდა, არამედ მათ აღქმას, როგორც უყურებდნენ ისინი ცხოვრებას, როგორც ისინი უყურებენ იმას, საბაჟოზე როგორ უნდა წასულიყო საქმე“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.