ირაკლი ჩიქოვანმა „ნაციონალურ მოძრაობას“ მიმართა - გულწრფელად გჯერათ, რომ მართლა ხართ ევროპული ძალა კეზერაშვილის ფულით, ვანო მერაბიშვილის იდეოლოგიით და ხაბეიშვილის მეთაურობით?
ირაკლი ჩიქოვანმა „ნაციონალურ მოძრაობას“ მიმართა - გულწრფელად გჯერათ, რომ მართლა ხართ ევროპული ძალა კეზერაშვილის ფულით, ვანო მერაბიშვილის იდეოლოგიით და ხაბეიშვილის მეთაურობით?

გულწრფელად გჯერათ, რომ მართლა ხართ ევროპული ძალა კეზერაშვილის ფულით, ვანო მერაბიშვილის იდეოლოგიით და ხაბეიშვილის მეთაურობით? მართლა გჯერათ, რომ ამ ფორმულაში რაიმე ევროპული არსებობს? – ასე მიმართა „ნაციონალურ მოძრაობას“ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა.

მისივე განცხადებით, ოპოზიცია საკუთარ ქვეყანას სანქციებისთვის თავის არიდებაში ადანაშაულებს და ამის დამადასტურებელი არცერთი ფაქტი არ არსებობს.

„ვინმეს ჰგონია, რომ ჩვენ არ გვესმის, რომ მთავარი საკითხი, რომელიც საქართველოს რუსეთის ფედერაციასთან აქვს, ეს არის დეოკუპაციის საკითხი?! ვინმეს არ ესმის, რომ ჩვენთვის მთავარი და უმნიშვნელოვანესი არის ჩვენი მოქალაქეების ინტერესების დაცვა?! ამის დასტურად მხოლოდ ის გამოდგება, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენ სამი საქმე მოვიგეთ რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში. ჩვენი პოზიცია განვიმტკიცეთ საერთაშორისო სამართლის დონეზე და ჩვენ პოზიციას ასეთი მხარდაჭერა აქამდე არასოდეს ჰქონია“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

მისი თქმით, მავნებლობაა, როდესაც აბსოლუტურად ყველაფერს იყენებ, რომ ხელი შეუშალო შენს სახელმწიფოს, მიიღოს ის მნიშვნელოვანი ისტორიული გადაწყვეტილება, რომელიც წლის ბოლოს ევროკომისიამ უნდა მიიღოს.

„დიახ, ეს ობიექტური რეალობაა. დღეს ოპოზიცია იყენებს ყველა მიზეზს და საბაბს, რომ ამ გადაწყვეტილებას შეეწინააღმდეგოს“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

მისი თქმით, ორმხრივი სანქციების პირობებში არ იარსებებს საქართველოსგან მიღებული გადაწყვეტილება რუსეთის საწინააღმდეგოდ, რომელსაც რეალური შედეგი ნამდვილად არ ექნება.

„იქნება საქართველოს მოქალაქეების სანქცირება, მათი ყოველდღიური ყოფის გაუარესება და ეს არ იქნება მხოლოდ სავიზო რეჟიმის შემოღება. ეს იქნება პირდაპირი ორმხრივი სანქციები, რომელიც ამ ქვეყანას რეალურად დააზიანებს და ქვეყანას უკან დაწევს. სწორედ, ამას არ აკეთებს „ქართული ოცნება“.  ეს არის ობიექტური რეალობა. მავნებლობაა, რომ საკუთარ მოქალაქეებს ამაში არ უტყდებით. ვერ მივიღებთ ბრალდებებს იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ჩვენ პოლიტიკური დაახლოება გვაქვს რუსეთის ფედერაციასთან. ეს ასე არ არის, ეს ასე არ იყო და ეს ასე არ იქნება“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

მისი თქმით, მთავარი საკითხი არის ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია, მაგრამ ეს ხელისუფლება არასოდეს მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ იქნება მიღებული.