ირაკლი ჩიქოვანი - ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კონკრეტული მედიასაშუალებებისა და პოლიტიკოსების მხრიდან უპასუხისმგებლო ქმედებები ვიხილეთ
ირაკლი ჩიქოვანი - ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კონკრეტული მედიასაშუალებებისა და პოლიტიკოსების მხრიდან უპასუხისმგებლო ქმედებები ვიხილეთ

ოპერაციის პირველი ეტაპი, ეტაპი რომლის უმთავრეს ამოცანასაც წარმოადგენდა ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა და მათი სიცოცხლის საფრთხის განეიტრალება წარმატებით დასრულდა, – ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, რითაც ზუგდიდში საპოლიციო ღონისძიებას გამოეხმაურა.

ამასთან, ჩიქოვანმა შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდს მაღალი პროფესიონალიზმისთვის მადლობა გადაუხადა, განსაკუთრებით კი სამხარეო პოლიციის უფროსს, ავთანდილ გალდავას.

„მინდა, მადლობა ვუთხრა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს. რა თქმა უნდა, იყო შესაძლებლობა, ყველაფერი სხვა სცენარით განვითარებულიყო, მაგრამ სამართალდამცველებმა ამისგან თავი შეიკავეს და ყველა მძევალი გათავისუფლდა. ასევე, განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა ბატონ გალდავას, რომელმაც გვანახა მაღალი პროფესიონალიზმი წუხანდელი ღამის განმავლობაში და ზოგადად, შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდმა. მეორე მხრივ, ოპერაცია კვლავაც მიმდინარეობს, სამძებრო ღონისძიბები კვლავაც ტარდება. ვიცი, ბევრი სხვადსხვა ოპერიტიული სამძებრო ღონისძიება არის დაგეგმილი, შესაბამისად, იმედს ვიტოვებ და დარწმუნებული ვარ, დამნაშავეს დააკავებენ და პასუხისგებაში მიეცემა“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

როგორც ჩიქოვანმა განაცხადა, კონკრეტული ადამიანების, პოლიტიკოსებისა და მედიასაშუალებების მხრიდან იყო მცდელობა, მოეხდინათ კაპიტალიზაცია იმ „უბედურებაზე“, რაც გუშინ ზუგდიდში ხდებოდა.

„ადამიანები, რომლებიც იწყებენ სპეკულაციას, რომლებიც ცდილობენ საკუთარი თავი გამოაჩინონ უმაღლესი დონის გამომძიებლებად, მიმაჩნია, ეს არის უპასუხიმგებლობა, ვინაიდან ჩვენ გვყავს შესაბამისი კომპეტენტური სამართალდამცავი ორგანოები, რომლებსაც უნდა მივცეთ საშუალება, იმუშაონ და გაატარონ ის ოპერატიული ღონისძიებები, რომლებიც, როგორც ვიცი, მათ უკვე დაგეგმილი აქვთ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, გუშინდელი დღის განმავლობაში იყო უპასუხისმგებლო ქმედებები კონკრეტული ადამიანების მხრიდან, კონკრეტული მედიასაშუალებების მხრიდან და კონკრეტული პოლიტიკოსების მხირდან. დავინახეთ ნათელი მცდელობა, რომ მოეხდინათ კაპიტალიზაცია იმ დიდ უბედურებაზე, რომელიც გუშინ ზუგდიდში იყო და იმ საფრთხეზე, რომელიც ჰქონდა ჩვენს ათეულობით მოქალაქეს. ამიტომ ეს არის სრული უპასუხისმგებლობა, ხოლო ის კონკრეტული პოლიტიკოსები და მიხეილ სააკაშვილი უკვე არიან ტრაგიკომიკურები“, – აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

ზუგდიდის ცენტრში მდებარე „საქართველოს ბანკში“ გუშინ შეიარაღებული პირი შეიჭრა და მძევლები აიყვანა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამეგრელოს რეგიონში ჩატარებული სპეციალური საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ყველა მძევალი გათავისუფლებულია და მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

დამნაშავის დაკავების მიზნით ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებები გრძელდება.