ირაკლი ჩიქოვანი - ზუგდიდში არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ უდიდესი ნიჭი და შრომისმოყვარეობა, მინდა, ვიყო მათი კეთილსინდისიერი მსახური
ირაკლი ჩიქოვანი - ზუგდიდში არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ უდიდესი ნიჭი და შრომისმოყვარეობა, მინდა, ვიყო მათი კეთილსინდისიერი მსახური

ყველას კარგად გვესმის და ვიცით, რა ხდებოდა 2012 წელს ზუგდიდში და ვხედავთ იმასაც, თუ რა ხდება ზუგდიდში 2020 წელს, აბსოლუტურად განსხვავებული საარჩევნო გარემოა, – ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ირაკლი ჩიქოვანმა ზუგდიდში მის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, დიდი პატივია იყო სახელისუფლებო პარტიის კანდიდატი ისეთ ქალაქში, როგორიც არის ზუგდიდი.

„მე, ირაკლი ჩიქოვანი ვარ ადამიანი, რომელიც ვაფასებ თქვენს გვერდში დგომას, ვაფასებ იმ ნდობას, რომელიც ჩემ მიმართ გამოავლინა პარტია „ქართულმა ოცნებამ“. მადლობა მინდა ვუთხრა პარტიის თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს და მთლიანად „ქართული ოცნების“ გუნდს.

მართლაც დიდი პატივია ვიყო სახელისუფლებო პარტიის კანდიდატი ისეთ რეგიონში, ისეთ ქალაქში, როგორიც არის ზუგდიდი. ჩემთვის ეს ქალაქი არ არის მხოლოდ გეოგრაფიული ადგილი, ჩემთვის ეს ქალაქი არ არის მხოლოდ პოლიტიკური პლაცდარმი, ეს არის ქალაქი, სადაც მე ვიზიარებ ამ ადამიანებთან ერთად ყოველდღიურობას და სადაც ჩემთვის ყოველი კუთხე, ყოველი კუნჭული, პრობლემა და სიხარული არის ნაცნობი.

მინდა, მივესალმო ჩვენი გუნდის წევრებს, ადამიანებს, რომლებმაც საკუთარი გამოცდილებით მოიტანეს „ქართული ოცნება“ ამ არჩევნებამდე. ასევე მივესალმო იმ ადამიანებს, რომლებიც აქ არიან, ჩვენი გუნდის ახალი წევრები, რომლებთან ერთადაც ჩვენ უნდა ვიმუშაოთ იმისათვის, რომ საქართველო იყოს წარმატებული“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

მაჟორიტარობის კანდიდატის თქმით, უმნიშვნელოვანესი მიზნები არის  ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობა.

„ჩვენ ერთად უნდა შევძლოთ, რომ მივაღწიოთ ჩვენი ქვეყნის უმთავრეს მიზანს – ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. უდიდესია განაცხადი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა, რომ ჩვენ გავაკეთებთ განაცხადს საქართველოს სრულფასოვან წევრობაზე ევროკავშირში. ეს არის უმნიშვნელოვანესი მიზანი, რომელსაც ჩვენ ერთად უნდა მივაღწიოთ. ეს მიზანი და საქართველოს ევროპული პერსპექტივა არის ჩვენი საერთო უსაფრთხოების უზრუნველმყოფელი ინსტიტუტი და ამ საერთო მიზანში ვგულისხმობ ჩვენ აფხაზ და ოს და-ძმებს. ჩვენ ყველამ კარგად უნდა ვიცოდეთ, რომ ეს მიზანი არის ჩვენთვის მშვიდობიანი და კეთილდღეობით აღსავსე მომავლის უზრუნველმყოფელი.

ყველას კარგად გვესმის და ვიცით, რა ხდებოდა 2012 წელს ზუგდიდში და ვხედავთ იმასაც, თუ რა ხდება ზუგდიდში 2020 წელს, აბსოლუტურად განსხვავებული საარჩევნო გარემო, სადაც შეგვიძლია, თავისუფლად ვაწარმოოთ კამპანია და არა ისე, თქვენ კარგად გახსოვთ, როდესაც ქვებს გვიშენდნენ. ეს არის უმთავრესი და უდიდესი მონაპოვარი, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია ამაზე შევჩერდეთ, ჩვენ უნდა ვიმუშაოთ იმისათვის, რომ აქ არსებული პრობლემები გადავწყვიტოთ და უმთავრესი პრობლემა, რაც ჩვენს რეალობაშია არის ის, რომ ჩვენ გვჭირდება უფრო განვითარებული, უფრო უკეთესი ზუგდიდი.

დღეს ზუგდიდში მიმდინარეობს განვითარების პროცესი, მე ამას განახლების პროცესს ვეძახი. მართლაც, უპრეცედენტოა ის მასშტაბი, რომელი მასშტაბიც ჩვენ გვაქვს. ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენ შევძელით და ადგილობრივი საჭიროებებისთვის დაიხარჯა 200 მილიონზე მეტი. რა თქმა უნდა, ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი მონაპოვარი, ეს არის ის მხარდაჭერა, რომელსაც ჩვენ ვგრძნობთ ცენტრალური ხელისუფლებისგან და რომელიც ჩვენთვის არის აუცილებელი და მართლაც ამ ყველაფერში ძალიან დიდი როლი უჭირავს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, ადგილობრივ გუნდს – გეგას, მალხაზს და ყველას, თითოეულ თქვენგანს, საკრებულოს წარმომადგენლებს. მიღწევები მართლაც არის უზარმაზარი“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

ზუგდიდში მაჟორიტარობის კანდიდატმა დევნილების პრობლემებზეც გაამახვილა ყურადღება.

მისი თქმით, კვლავაც არის დევნილი მოსახლეობის ის ნაწილი, რომელსაც აქვს საჭიროება, დაკმაყოფილდეს საცხოვრებელი ფართებით.

„ჩემს ვალდებულებად, ჩვენს პოლიტიკურ გუნდთან ერთად, მიმაჩნია, რომ უნდა გავაგრძელოთ ეს დინამიკა, უნდა გავაგრძელოთ ეს ინერცია და შევძლოთ, რომ ზუგდიდი ვაქციოთ ერთ-ერთ კომფორტულ ქალაქად, ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ მუნიციპალიტეტად. ეს ნამდვილად შესაძლებელია და ეს შესაძლებლობა ზუგდიდს ნამდვილად გააჩნია, მაგრამ არ შეიძლება, ყურადღება არ გავამახვილოთ იმ უმთავრეს და უდიდეს პრობლემაზე, რომელიც უდგას დევნილ მოსახლეობას.

ჩვენ დევნილ მოსახლეობასთან ერთად ბოლო 30 წელია, ერთად ვცხოვრობთ, დევნილ მოსახლეობასთან ერთად ვიზიარებთ სიხარულს, წარმატებას და წარუმატებლობასაც, რა თქმა უნდა ჩვენ ერთნი ვართ. ჩვენ ვართ ზუგდიდელები და ერთად ვაშენებთ ზუგდიდს.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის პროგრამა, რომელსაც ახორციელებს „ქართული ოცნება“. რეალურად ბოლო რვა წლის განმავლობაში რაც განხორციელდა ჩვენი დევნილი მოსახლეობისათვის, ჯამში აღემატება ყველა იმ პროგრამას, რომელიც 19 წლის განმავლობაში საქართველოში გატარებულა, თუმცა ეს არ არის საკმარისი. ჩვენ კვლავაც გვრჩება დევნილი მოსახლეობა, რომელიც არის და აქვს საჭიროება, დაკმაყოფილდეს საჭირო საცხოვრებელი ფართებით. ეს არის ჩვენთვის დიდი გამოწვევა და ჩვენ ამ გამოწვევას აუცილებლად დავძლევთ მომავალ წელს. ჩვენ შევძლებთ ათასამდე ახალი მოსახლე იყოს ზუგდიდში. ათასამდე დევნილს გადაეცეს ბინა და რა თქმა უნდა, ეს არ არის საბოლოო ზღვარი. ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას და ჩემს ვალდებულებად მიმაჩნია, ვიზრუნო ჩვენს დევნილ საზოგადოებაზე და შევძლო მათთვის უკეთესი მომავლის უზრუნველყოფა, თუმცა აქ არის მხარდაჭერა ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

„აქვე გეტყვით, რომ ჩვენ არა მხოლოდ განვითარებაზე ვფიქრობთ, ჩვენ ვფიქრობთ ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობაზე, ჩვენს კულტურულ სიძლიერეზე, როდესაც ვლაპარაკობთ საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი.

ზუსტად აქ, ამ ქალაქში და ამ ადგილას არის ერთ-ერთი ის ევროპული ფესვი, საიდანაც აღმოცენდება ევროპული მომავალი, ზუსტად აქ, ჩვენ შეგვიძლია, შევქმნათ ისეთი ტიპის მუნიციპალიტეტი, სადაც ჩვენი სტუმრები, ევროპელები შეძლებენ, დაინახონ ჩვენთან კავშირი და ურთიერთობა. ჩვენ გვაქვს უდიდესი სიმდიდრე და ეს სიმდიდრე არის ის სასახლეთა კომპლექსი, რომელიც არის აქ, ეს კომპლექსი ახლაც უნიკალურია ამიერკავკასიაში. ამ სასახლეს რეაბილიტაცია ჩაუტარა ფონდმა „ქართუმ,“ ამისთვის ძალიან დიდი მადლობა ფონდ „ქართუს“ და ბატონ ბიძინა ივანიშვილს, თუმცა ჩვენ გამოწვევად გვრჩება ბატონო პრემიერო, ბატონო კახი, ბატონო არჩილ, რეაბილიტაცია, რომელიც უნდა ჩაუტაროთ ეკატერინესეულ სასახლეს თქვენი თანხმობით, თქვენი თანამონაწილეობით. ჩვენ ამასაც გავაკეთებთ და შევძლებთ, ჩვენი ნანატრი ოცნების ასრულებას და ამ სასახლეთა კომპლექსს მივანიჭებთ იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს. ეს განაცხადი ჩვენ უნდა გავაკეთოთ და ეს სავსებით შესაძლებელია“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

მაჟორიტარობის კანდიდატმა კიდევ ერთხელ მოუწოდა შეკრებილებს 31 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ მხარდაჭერისკენ.

„მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია, ყველანი ვფიქრობდეთ, რომ 31 ოქტომბერს არჩევანი არის ერთი და ეს არჩევანი არის „ქართული ოცნება” და „ქართული  ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი, მინდა მოგმართოთ თხოვნით, მობრძანდეთ აუცილებლად არჩევნებზე. მობრძანდეთ მეგობრებთან, ახლობლებთან, ოჯახის წევრებთან ერთად. გააკეთეთ არჩევანი, რათა ჩვენ შევძლოთ ჩვენს ქვეყანაში მშვიდობიანი თანმიმდევრული განვითარების უზრუნველყოფა. ეს არის უალტერნატივო არჩევანი, რომელიც საშუალებას გაძლევს, იმედიანად გავიხედოთ მომავალში.

ზუგდიდი არის ქალაქი, სადაც არის უდიდესი ისტორია, ზუგდიდი არის ქალაქი, სადაც არის უდიდესი კულტურული მემკვიდრეობა. ზუგდიდი არის ქალაქი, სადაც არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ უდიდესი ნიჭი და შრომისმოყვარეობა. მე მინდა, ვიყო მათი კეთილსინდისიერი მსახური“, – განაცხადა ჩიქოვანმა.