ირაკლი ჩიქოვანი - ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში გარკვეული შეზღუდვები იხსნება, მაგრამ მას შემდეგ, რაც პიკი გადაიარეს, საქართველოს პიკი გადავლილი არ აქვს
ირაკლი ჩიქოვანი - ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში გარკვეული შეზღუდვები იხსნება, მაგრამ მას შემდეგ, რაც პიკი გადაიარეს, საქართველოს პიკი გადავლილი არ აქვს

დიახ, ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში გარკვეული შეზღუდვები იხსნება, მაგრამ მას შემდეგ, რაც პიკი გადაიარეს, – განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, მთავრობის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე“.

„ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია ამ ფონზე პოლიტიკური სუბიექტების სპეკულაციები, რაც სხვა არაფერს ემსახურება, თუ არა იმას, რომ არჩევნებზე ხმები რამდენიმე ათეული პროცენტით მოიმატონ. როდესაც ეს ადამიანები ამ ყველაფრით სპეკულირებენ და ზოგიერთი ევროპული სახელმწიფოს მაგალითი მოჰყავთ იმის შესახებ, რომ იქ გარკვეული შეზღუდვები უკვე იხსნება, დიახ, იხსნება, მაგრამ მას შემდეგ, რაც პიკი გადაიარეს, საქართველოს კი ეს პიკი არ აქვს გადავლილი. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ პიკური, ძალიან რთული ვითარება გვექნება და „კოვიდ-19“-ის გავრცელება მაქსიმალურ პიკს ორი-სამი კვირის განმავლობაში მიაღწევს. აი, ზუსტად ამიტომ მივიღეთ შეზღუდვების გაგრძელების გადაწყვეტილება“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

ამ განცხადებით ირაკლი ჩიქოვანმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რამ გამოიწვია შეზღუდვების გახანგრძლივება და რატომ გახდა საჭირო საგანგებო ვითარების თარიღის 22 მაისამდე გადაწევა. 

როგორც მთავრობის პრესსპიკერმა აღნიშნა, აკრძალვების და შეზღუდვების დაწესება არავის უხარია, მაგრამ თუ ეს გადაწყვეტილებები დღეს არ იქნა მიღებული, ქართული ეკონომიკის პოზიტიურ რელსებზე დაბრუნება ძალიან გაჭირდება.

„აკრძალვების და შეზღუდვების დაწესება არავის უხარია. კარგად გვესმის, რომ ეს არის ძალიან დიდი ეფექტის მატარებელი ჩვენს ეკონომიკაზე, მაგრამ იმასაც ძალიან კარგად ვხვდებით, რომ თუ ეს გადაწყვეტილებები დღეს არ მივიღეთ, მოვლენებს ამ გადაწყვეტილებებით არ შევხვდით და არ გავუსწარით, ნამდვილად ვერ შევძლეთ ჩვენი ეკონომიკის უკან დაბრუნებას, იმ პოზიტიურ რელსებზე, რომელიც აქამდე იყო“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

მისი თქმით, მთავრობის გადაწყვეტილებები დაყრდნობილია იმ ვითარებაზე, რომელიც ქვეყანაშია და იმ რეკომენდაციებზე, რომელსაც საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტები იძლევიან.

„დღეს ჩვენ საქმე გვაქვს მსოფლიო პანდემიასთან და ყველა კარგად ხვდება, რომ ასეთი თანმიმდევრული გადაწყვეტილებები რომ არა, კოვიდინფიცირების თვალსაზრისით ასეთი დაბალი ციფრი არ გვექნებოდა. ძალიან სამწუხაროა, რომ გვაქვს ოთხი ლეტალური შემთხვევა, მაგრამ რომ არა ეს გადაწყვეტილებები, გაცილებით უფრო სავალალო შედეგები გვექნებოდა. ვიმედოვნებთ, რომ ამ გადაწყვეტილებით კიდევ უფრო მეტად შევუშლით ხელს ჩვენ ქვეყანაში „კოვიდ 19“-ის გავრცელებას, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.