ირაკლი ჩიქოვანი - ყველა ობიექტური დამკვირვებელი აფასებს, რომ საქართველოს აქვს ძალიან დიდი პროგრესი რეკომენდაციების შესრულების თვალსაზრისით
ირაკლი ჩიქოვანი - ყველა ობიექტური დამკვირვებელი აფასებს, რომ საქართველოს აქვს ძალიან დიდი პროგრესი რეკომენდაციების შესრულების თვალსაზრისით

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ შეხვედრებზე ვსაუბრობთ იმ ევროპულ პერსპექტივაზე, რომელიც ჩვენს სახელმწიფოს გააჩნია და იმ პროგრესზე, რომელიც ქვეყანამ მიაღწია რეკომენდაციების შესრულების თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, განხილვის საკითხი იყო მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნები, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა ირლანდიაში გამართულ შეხვედრებზე საუბრისას განაცხადა.

დეპუტატის თქმით, შეხვედრებზე ხაზი გაესვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია არჩევნებზე დამოუკიდებელი სადამკვირვებლო მისიების ყოფნა.

„ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია და დიდი როლი უჭირავს საერთაშორისო ორგანიზაციებს ამ არჩევნებში. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან შეხვედრაზე ხაზი გავუსვით იმას, რომ ძალიან მნიშვნელოვანია არჩევნებზე დამოუკიდებელი სადამკვირვებლო მისიები იყოს და ამ მისიებმა ყურადღება დეზინფორმაციაზე გაამახვილონ, რადგან ქვეყნის შიგნით საკმაოდ ბევრი და დიდი წყაროებია დეზინფორმაციის გავრცელების. საუბარი იყო იმაზეც, რომ ევროპაში უსაფრთხოების პოლიტიკა შეცვლილია მას შემდეგ, რაც რუსეთმა აგრესიული ომი დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ. ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, რომელსაც, უკვე ათწლეულებია, ოკუპაციის ქვეშ უსაფრთხოების თვალსაზრისით ჩვენი ქვეყანა უმკლავდება. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ყველა აფასებს იმ პროგრესს, რასაც საქართველომ რეკომენდაციების შესრულების თვალსაზრისით მიაღწია. განსაკუთრებით მინდა, ხაზი გავუსვა – ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან შეხვედრას, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ ჩვენ ვენეციის კომისიასთან ინტენსიური თანამშრომლობა გვაქვს. პროგრესი თვალსაჩინოა. რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება ევროკავშირის ინსტიტუტებზეა, თუმცა ყველა ობიექტური დამკვირვებელი აფასებს, რომ საქართველოს აქვს ძალიან დიდი პროგრესი რეკომენდაციების შესრულების თვალსაზრისით“, – განაცხადა ჩიქოვანმა.