ირაკლი ჩიქოვანი - მოწოდებები კანონის დარღვევისკენ არის უპასუხისმგებლობა
ირაკლი ჩიქოვანი - მოწოდებები კანონის დარღვევისკენ არის უპასუხისმგებლობა

საქართველოში შეკრების ადა გამოხატვის თავისუფლება არის უზრუნველყოფილი. მიუხედავად იმისა, აქცია სად და როდის გაიმართება, სანამ კანონის ფარგლებშია, არანაირი პრობლემა არ არსებობს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, საერთაშორისო საკითხებში პრემიერის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

მისი თქმით, ყველას აქვს საშუალება, გამოხატოს და დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია.

რაც შეეხება იმ საკითხს, რა გავლენა ქვეყნის საერთაშორისო ურთიერთობებზე ექნება 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებას, ჩიქოვანი ამბობს, რომ საქართველო დემოკრატიულ რეფორმებს განაგრძობს.

„რაც შეეხება ამ გადაწყვეტილების ზეგავლენას საქართველოს საერთაშორისო ურთიერთობებზე და მის სტრატეგიულ პარტნიორებთან, ამ გადაწყვეტილებას სტრატეგიულ პარტნიორებთან მიმართებაში ეფექტი არ ექნება, ვინაიდან საქართველო აგრძელებს სვლას დემოკრატიული რეფორმების თვალსაზრისით. რიგ შემთხვევაში, ამ მიმართულებით არსებობს ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც უფრო მეტი მოლოდინის მქონეა საერთაშორისო თვალსაზრისით, თუმცა, ვიცით, რომ 2024 წლიდან საქართველო ისედაც გადადის პროპორციულ სისტემაზე. ეს გადაწყვეტილება მიღებულია ამ ხელისუფლების მხრიდან და ვერც ერთი სხვა ხელისუფლება ადრე ვერ იღებდა, ამას ჰქონდა უპრეცედენტო ხასიათი“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

პრემიერის პრესსპიკერის თქმით, მმართველ გუნდს მუდმივი კომუნიკაცია აქვს საერთაშორისო პარტნიორებთან.

„იყო რამდენიმე შეხვედრა. როგორც იცით, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე შეხვდა ჩვენს პარტნიორებს, არსებობდა სხვა კომუნიკაციაც. ჩვენ მუდმივ კომუნიკაციაში ვიმყოფებით პარტნიორებთან, რა ვითარება და მდგომარეობაა ჩვენს ქვეყანაში. ეს არ ეხება მხოლოდ იმ მდგომარეობას, რომელიც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ვითარდებოდა თბილისში. ზოგადად, ასეთ კომუნიკაციაში ვართ პარტნიორებთან. გადაწყვეტილებამ, რომელიც იქნა მიღებული პოლიტიკური ძალის მხრიდან, სამწუხაროდ, ვერ მიიღო სრული მხარდაჭერა პოლიტიკური გუნდის. ამასთან დაკავშირებით მოხდა გარკვეული ცვლილებები, რაც გასაგებია. ზოგიერთმა წევრმა დატოვა უმრავლესობის რიგები, რაც გასაგებია და არ არის მისასალმებელი ფაქტი“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

როგორც პრემიერის პრესსპიკერმა აღნიშნა, ამ ადამიანებთან გაგრძელდება თანამშრომლობა სხვა არსებით და მნიშვნელოვან საკითხებზე, რაზეც ერთნაირი პოზიციები არსებობს.

„ალბათ, ამ შემთხვევაში, კრიტიკა არ იქნება სწორი გადაწყვეტილება. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო პოლიტიკურმა ძალამ კონკრეტულ ვითარებაში და კონკრეტულ დროს“, – აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

ამასთან, მისი თქმით, კანონის დარღვევისკენ ყველა მოწოდება არის უპასუხისმგებლობა.

„ყველა მოწოდება, რომელიც მიმართულია კანონის დარღვევაზე, არის უპასუხისმგებლობა. ამ ქვეყანაში აზრის გამოხატვის თავისუფლება არის უზრუნველყოფილი და მუდამ იქნება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა მედიასთან.