ირაკლი ჩიქოვანი - ვიქნებით მაქსიმალურად პრინციპული, დავიცავთ ორივე ლეგიტიმურ ინტერესს - ქვეყნის სუვერენიტეტსა და მოქალაქეთა ეკონომიკურ კეთილდღეობას
ირაკლი ჩიქოვანი - ვიქნებით მაქსიმალურად პრინციპული, დავიცავთ ორივე ლეგიტიმურ ინტერესს - ქვეყნის სუვერენიტეტსა და მოქალაქეთა ეკონომიკურ კეთილდღეობას

ვიქნებით მაქსიმალურად პრინციპულები და მაქსიმალურად დავიცავთ ორივე ლეგიტიმურ ინტერესს – ქვეყნის სუვერენიტეტს და მოქალაქეთა ეკონომიკურ კეთილდღეობას, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სტრატეგიული კომუნიკაციის საკითხებში ირაკლი ჩიქოვანი რუსეთის პრეზიდენტის მიერ საქართველოსთან მიმართებაში მიღებულ გადაწყვეტილებებს.

როგორც პრემიერის მრჩეველმა აღნიშნა, რადიკალური პოლიტიკური დღის წესრიგი, როგორც სახელმწიფოთაშორისი, ისე ქვეყნის შიგნით, თანაბრად აზიანებს როგორც ქვეყნის სუვერენიტეტს, ისე მოქალაქეების კეთილდღეობას.

„პასუხისმგებლობის მქონე მთავრობის ყოველდღიური ზრუნვის საგანია სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობის დაცვა. უკანასკნელ პერიოდში განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ რადიკალური პოლიტიკური დღის წესრიგი, როგორც სახელმწიფოთაშორისი, ისე ქვეყნის შიგნით, თანაბრად აზიანებს ორივე ინტერესს. მიუხედავად ემოციური ფონისა, ჩვენ არ გავხდებით ამ დღის წესრიგის მძევალი, ვიქნებით მაქსიმალურად პრინციპულები  და მაქსიმალურად დავიცავთ ორივე ლეგიტიმურ ინტერესს – ქვეყნის სუვერენიტეტს და მოქალაქეთა ეკონომიკურ კეთილდღეობას“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსეთის მთავრობას დაავალა, საქართველოში დროებით მყოფი რუსეთის მოქალაქეები ქვეყანაში დააბრუნონ. ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა ბრძანება გამოსცა, რომლის მიხედვითაც, რუსულ ავიაკომპანიებს 2019 წლის 8 ივლისიდან რუსეთიდან საქართველოს ტერიტორიაზე ფრენების განხორციელება დროებით აუკრძალა.