ირაკლი ჩიქოვანი - უზრუნველვყოფთ, რომ საქართველოში 2020 წელსაც მაღალი დონის საარჩევნო მარათონი იყოს
ირაკლი ჩიქოვანი - უზრუნველვყოფთ, რომ საქართველოში 2020 წელსაც მაღალი დონის საარჩევნო მარათონი იყოს

სახელმწიფოს პოზიციაა, რომ საქართველომ გააგრძელოს თავისი დემოკრატიული ტრანსფორმაცია, ჩაატაროს არჩევნები მშვიდობიან, დემოკრატიულ გარემოში, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საერთაშორისო საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა და პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა დამხობის შესახებ ნიკა გვარამიას მოწოდებაზე კომენტირებისას განუცხადა.

მისი თქმით, აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა არაერთხელ გააკეთა განცხადება, რომ ქვეყანაში უზრუნველყოფილი იქნება შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება.

„რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს არეგულირებს შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არსებობს და თუ რაიმე სცდება ამ ჩარჩოს, სამართალდამცველები გააკეთებენ ყველაფერს, რათა ეს მოქცეული იყოს სამართლებრივ ჩარჩოებში. ამისდა მიუხედავად გეტყვით, რომ კონკრეტულ განცხადებებთან და კონკრეტულ მოწოდებებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, კომენტარს არ გავაკეთებ, მაგრამ გეტყვით, რომ სახელმწიფოს პოზიციაა, რომ საქართველომ გააგრძელოს თავისი დემოკრატიული ტრანსფორმაცია, ჩაატაროს არჩევნები მშვიდობიან, დემოკრატიულ გარემოში, რაზეც არის კონცენტრირებული პრემიერ-მინისტრი და შესაბამისად, ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ 2020 წელს, როგორც აქამდე, საქართველოში იყოს ძალიან მაღალი დონის საარჩევნო მარათონი“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

რაც შეეხება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით პარლამენტში წარდგენილ საკანონმდებლო ინიციატივებს, ირაკლი ჩიქოვანის თქმით, ეს არის საპარლამენტო ცხოვრების ნაწილი.

„ამ კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით კონკრეტულმა ჯგუფებმა გააკეთეს განცხადებები. პრემიერ-მინისტრს რაც შეეხება, პრემიერმა არაერთხელ გააკეთა ამ თემასთან დაკავშირებით განცხადება. საქართველოში პროპორციული არჩევნები ჩატარდება 2024 წელს. ეს არის კონსტიტუციით უზრუნველყოფილი. მეორე მხრივ, ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს, რათა კანონით გათვალისწინებულ და კანონით დადგენილ რეჟიმში, 2020 წლის არჩევნებმა ჩაიაროს მშვიდობიან და სამართლიან გარემოში“, – დასძინა ირაკლი ჩიქოვანმა.

დატოვე კომენტარი