ირაკლი ჩიქოვანი - უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები ხშირად ახალგაზრდების საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენებას ცდილობენ
ირაკლი ჩიქოვანი - უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები ხშირად ახალგაზრდების საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენებას ცდილობენ

საერთაშორისო საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველის და პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირებაზე საუბარი არასწორია.

როგორც ჩიქოვანმა ჟურნალისტებს განუცხადა, სამოქალაქო დაპირისპირება – ეს არის კონკრეტული პოლიტიკური ძალების მხრიდან გაკეთებული პოლიტიკურად მოტივირებული შეფასება.

„ამაზე ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია და დაგვიდასტურებია, რომ ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირებაზე საუბარი, აბსოლუტურად ზედმეტია. ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული შეფასებები კონკრეტული პოლიტიკური ძალების მხრიდან“ ,- განაცხად ირაკლი ჩიქოვანმა.

ამასთან, ჩიქოვანის თქმით, ხშირად, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები  ახალგაზრდების საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენებას ცდილობენ.

„რაც შეეხება კონკრეტულ დაპირისპირებებს, მინდა, გითხრათ ის, რომ, სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები ხშირ შემთხვევაში ცდილობენ ახალგაზრდების ჩარევას და ამ ემოციურ ფონზე საკუთარი ინტერესებისთვის მათ გამოყენებას. ეს არის ძალიან ცუდი“ ,- აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

ჩიქოვანის განმარტებით, სამართალდამცველები ყველაფერს გააკეთებენ, რათა ძალადობის  არავითარი ფაქტი არ დაფიქსირდეს.

„ჩვენ არაერთხელ ვიხილეთ ბოლო დღეების განმავლობაში, რომ სამართალდამცველებმა გააკეთეს მაქსიმალური, რომ შუაში მდგარიყვნენ იმ დაპირისპირებულ მხარეებს შორის და ჩვენ არ მივსულიყავით რაიმე ფორმის დაზიანებებთან, რომელიც იქნებოდა გამოუსწორებელი“, – დასძინა ირაკლი ჩიქოვანმა.