ირაკლი ჩიქოვანი - სპეკულაცია, თითქოს ევროკავშირის დაფინანსებაზე დაუზუსტებელი ინფორმაცია გავრცელდა, მორიგი უსაფუძვლო მცდელობაა, დისკრედიტებულ იქნას ევროკავშირთან თანამშრომლობის უპრეცედენტო დონე
ირაკლი ჩიქოვანი - სპეკულაცია, თითქოს ევროკავშირის დაფინანსებაზე დაუზუსტებელი ინფორმაცია გავრცელდა, მორიგი უსაფუძვლო მცდელობაა, დისკრედიტებულ იქნას ევროკავშირთან თანამშრომლობის უპრეცედენტო დონე

სპეკულაცია, თითქოს ევროკავშირის მხრიდან დაფინანსებაზე დაუზუსტებელი ინფორმაცია გავრცელდა, წარმოადგენს მორიგ უსაფუძვლო მცდელობას, დისკრედიტებულ იქნას საქართველოსა და ევროკავშირს შორის მიღწეული თანამშრომლობის უპრეცედენტო დონე, – ასე პასუხობს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხებში, ირაკლი ჩიქოვანი გამოხმაურებებს პრემიერის განცხადებაზე საქართველოსთვის ევროკავშირის დახმარების გამოყოფასთან დაკავშირებით.

ირაკლი ჩიქოვანის თქმით, ევროკავშირის მიერ დამტკიცებული საინვესტიციო პორტფელის მოცულობა ცხადყოფს საქართველოში მიმდინარე რეფორმებისა და პროექტების ეფექტურობას.

„2019 წლის 15 იანვარს ევროკომისიამ გამოაქვეყნა ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის (TEN-T) საინვესტიციო გეგმა, რომელშიც თავმოყრილია „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების ის სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც უკავშირდება ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელს (TEN-T). ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან მიმართებაში საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების გათვალისწინება წარმოადგენს კიდევ ერთ მნიშვნელოვან პოლიტიკურ გადაწყვეტილებას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიზნით. დამტკიცებული საინვესტიციო პორტფელის მოცულობა ცხადყოფს ჩვენი რეფორმებისა და პროექტების ეფექტურობას ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე. 2019 წლის 18 იანვარს პრემიერ-მინისტრი მთავრობის სხდომის წინ ჟურნალისტებისთვის გამართულ ბრიფინგზე მიესალმა ამ უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რაც არის ნოემბერში ბრიუსელში პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მყოფი დელეგაციის მიერ ევროკომისრებთან გამართული შეხვედრების შედეგი“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

როგორც პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ევროკომისიამ სპეციალურად საქართველოსთვის შექმნა კომუნიკაციის ახალი ფორმატი.

„საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები არასოდეს ყოფილა ასეთ მაღალ დონეზე. რაც შეეხება დეტალებს, დამტკიცებულ საინვესტიციო პორტფელში გათვალისწინებული პროექტების მიმდინარეობის და დაფინანსების წყაროების შესახებ, აღნიშნული განმარტებულ იქნა საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.