ირაკლი ჩიქოვანი - შეზღუდვებს თუ არ დავიცავთ, მოგვიწევს უახლოეს პერიოდში ზომების უკიდურესი გამკაცრება, რაც მთელი ქვეყნის მასშტაბით სრული კარანტინის გამოცხადებას გულისხმობს
ირაკლი ჩიქოვანი - შეზღუდვებს თუ არ დავიცავთ, მოგვიწევს უახლოეს პერიოდში ზომების უკიდურესი გამკაცრება, რაც მთელი ქვეყნის მასშტაბით სრული კარანტინის გამოცხადებას გულისხმობს

საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებულ შეზღუდვებს თუ არ დავიცავთ, მოგვიწევს უახლოეს პერიოდში ზომების უკიდურესი გამკაცრება, რაც მთელი ქვეყნის მასშტაბით სრული კარანტინის გამოცხადებას გულისხმობს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა.

ჩიქოვანის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვი სწრაფად იზრდება.

„მოგეხსენებათ, გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 30-ზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა. ერთი კვირის მონაცემებით კი 140-ით გაიზარდა შემთხვევების რაოდენობა, რაც სწრაფი ზრდის მაჩვენებელია.

საერთო ჯამში, დღევანდელი მონაცემებით, გვაქვს ინფიცირების 348 დადასტურებული შემთხვევა და ქვეყანაში დაწყებულია აქტიური შიდა გავრცელების ეტაპი. საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლები მომავალი 2-3 კვირის განმავლობაში ინფიცირების შემთხვევების მნიშვნელოვან ზრდას ელოდებიან. მთავრობამ დროულად მიიღო ზომები, რათა შეეჩერებინა „კოვიდ-19“-ის გავრცელება.

მოქალაქეთა მობილობის შემცირების მიზნით, ოთხ დიდ ქალაქში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში გუშინ, 21:00 საათიდან შესვლა-გამოსვლაც აიკრძალა. სპეციალისტების მკაცრი რეკომენდაციის მიუხედავად, რომ დავრჩეთ სახლში, ჩვენ ყველა ვხედავთ – მოძრაობა მაინც საკმაოდ ინტენსიური რჩება, რაც ყველაზე დიდი საფრთხის მატარებელია. დღეს კი თანამედროვე მსოფლიოში, სამწუხაროდ არ არსებობს უფრო ეფექტური გზა და საშუალება, ვებრძოლოთ „კოვიდ-19“-ს, ვიდრე სოციალური დისტანციის დაცვაა. ამიტომ მთავრობა, კიდევ ერთხელ, დაბეჯითებით მოგიწოდებთ დარჩეთ სახლში“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

მისივე თქმით, ხვალიდან ზომები მკაცრდება და 21 აპრილის ჩათვლით, ქვეყანაში სრულად იკრძალება მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება.

„ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას დაწესებული ზომების დამატებით გამკაცრების შესახებ. ხვალ, 17 აპრილს, დღის 12:00 საათიდან, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით, ანუ 21 აპრილის ჩათვლით, ქვეყანაში სრულად იკრძალება მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სრულად იკრძალება მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება. მინდა დავაზუსტო, რომ შეზღუდვა არ ვრცელდება ტვირთების გადაზიდვაზე და დისტრიბუციის მანქანებზე.

ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ სასურსათო მაღაზიები, აფთიაქები და ყველა სხვა ობიექტი, რომელიც აქამდე მუშაობდა, ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას და ასევე მუშაობას აგრძელებს ე.წ. დელივერის სერვისები.

ამასთან, დაშვებული ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში მოქმედმა კომპანიებმა, თანამშრომელთა ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად, შესაბამისი ნებართვების მიღების მიზნით, უნდა მიმართონ დარგობრივ სამინისტროებს. ასევე, მათ შეუძლიათ ისარგებლონ მთავრობის ცხელი ხაზით და დარეკონ 144-ზე“,- აღნიშნა ჩიქოვანმა.

ამასთან, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ხვალიდან პირბადეების ტარება დახურულ საჯარო სივრცეებში სავალდებულო ხდება.

„ამავე დროს, ხვალიდან სავალდებულო ხდება პირბადეების ტარება დახურულ საჯარო სივრცეებში. პასუხისმგებლობა ამ მოთხოვნის შესრულება ეკისრებათ იურიდიულ პირებს და აქვე შეგახსენებთ, რომ იურიდიული პირებისთვის პასუხისმგებლობა განისაზღვრა 15 000 ლარით“, – აღნიშნა ჩიქოვანმა.

მისივე თქმით, ხვალიდან შეზღუდვები წესდება სასაფლაოებზე შესვლასთან დაკავშირებით. ირაკლი ჩიქოვანი მოუწოდებს მოქალაქეებს, არ დაარღვიონ კანონი, გაითვალისწინონ რეკომენდაციები და დარჩნენ სახლში.

„იმ შემთხვევაში, თუ თითოეულმა მოქალაქემ, კერძო სექტორმა, მთავრობამ, ბიზნესმა, რელიგიურმა ორგანიზაციებმა, სამოქალაქო საზოგადოებამ, ყველამ ზედმიწევნით არ შევასრულეთ კანონი, არ დავიცავით კანონი, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, ეს აუცილებლად გახდება ამ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების მკვეთრი გამწვავების საფუძველი და ჩვენ მოგვიწევს უახლოეს პერიოდში ზომების უკიდურესი გამკაცრება, რაც მთელი ქვეყნის მასშტაბით სრული კარანტინის გამოცხადებას გულისხმობს.

კიდევ ერთხელ, კატეგორიულად მოგიწოდებთ – გამოავლინეთ მაღალი პასუხისმგებლობა, გაუფრთხილდით როგორც საკუთარ, ისე სხვის ჯანმრთელობას და დარჩით სახლში. ყოველი დამატებით შეზღუდვა თუ გამკაცრება ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას, ინფიცირებულთათვის ჯანდაცვის სერვისების სრულყოფილად მიწოდებას და რაც შეიძლება სწრაფად, მინიმალური დანაკარგით ცხოვრების ჩვეულ რიტმში დაბრუნებას და ეტაპობრივად, გეგმის მიხედვით, ჩვენი ეკონომიკის ხელახალ ამუშავებას. ამიტომ მოგიწოდებთ, გაუფრთხილდით ერთმანეთს, გაუფრთხილდით ჩვენს ქვეყანას, არ დაარღვიოთ კანონი და დარჩით სახლში. ეს საქართველოს მთავრობის ერთადერთი მოწოდებაა“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.