ირაკლი ჩიქოვანი - შეზღუდვები აუცილებელი იყო იმისთვის, რომ ხვალ უფრო სწრაფად დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს
ირაკლი ჩიქოვანი - შეზღუდვები აუცილებელი იყო იმისთვის, რომ ხვალ უფრო სწრაფად დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს

ეს შეზღუდვები აუცილებელი იყო იმისთვის, რომ დღეს მაქსიმალური შეკავების ეფექტი მიგვეცა ჩვენს მიერ გატარებული ღონისძიებებისთვის, რათა ხვალ უფრო სწრაფად დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს, – ამის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო პროგრამა „მოამბეში“ განაცხადა.

მისი თქმით, თანმიმდევრულმა ნაბიჯებმა და შეზღუდვებმა, მათ შორის, ერთ-ერთმა, როგორიც იყო ტრანსპორტის შეზღუდვა, მოგვცა ის შედეგი, რაც დღეს არის ქვეყანაში.

„რა თქმა უნდა, არსებობდა გარკვეული უკმაყოფილებები ამ შეზღუდვებთან დაკავშირებით და ზოგადად, ჩვენ თავისუფალ სახელმწიფოში ვცხოვრობთ და შეზღუდვები ჩვენთვის რთულია, რა თქმა უნდა, ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე და წეს-ჩვეულებაზე იქონიებს გავლენას, მაგრამ, მე არ მგონია, რომ ერთმნიშვნელოვნად ნეგატიური ეფექტი ჰქონდა ამ ყველაფერს. ძალიან ბევრ ადამიანს, ძალიან კარგად და ნათლად ესმის, რომ ეს შეზღუდვები აუცილებელი იყო იმისთვის, რომ დღეს მაქსიმალური შეკავების ეფექტი მიგვეცა ჩვენს მიერ გატარებული ღონისძიებებისთვის, იმისთვის, რომ ხვალ უფრო სწრაფად დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს. ეფექტი მოგვცა ის, რომ ჩვენ, როგორც მოსალოდნელი იყო, პიკურ რეჟიმს ვხვდებით საკმაოდ დაბალი ციფრებით და დღეს ჩვენი ჯანდაცვის სისტემა სრულად უზრუნველყოფილია იმ პაციენტების რაოდენობისთვის, რომელი პაციენტთა რაოდენობაც დღეს ქვეყანაში არსებობს. ეს არის შედეგი.

კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გავუსვა, რომ ეს არ არის რაღაც სიტყვები, ან რაღაც ამორფული ამოცანები. ეს იყო ძალიან კონკრეტული ამოცანები და ამოცანა, რომელიც ჩვენ გვქონდა „კოვიდ-19“-ის პირველი ფაქტის დაფიქსირებისთანავე ჩვენს ქვეყანაში და თქვენ იცით, რომ ჩვენ მოქმედებები უფრო ადრეც დავიწყეთ, როგორც კი ამან მიიღო ფართო სახე, როგორც აზიაში, ასევე ევროპაში“, –  განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.