ირაკლი ჩიქოვანი - შეზღუდვა არ არის ვინმეს დასჯა, ეს არის თავდაცვა
ირაკლი ჩიქოვანი - შეზღუდვა არ არის ვინმეს დასჯა, ეს არის თავდაცვა

შეზღუდვა არ არის ვინმეს დასჯა, ეს არის თავდაცვა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, მთავრობის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე“ განაცხადა.

„ეს არის თავდაცვის ერთადერთი საშუალება, რომ ჩვენ მაქსიმალური სოციალური დისტანცირება მოვახდინოთ და მაქსიმალურად დავრჩეთ სახლში იმისთვის, რომ „კოვიდ 19“-თან ბრძოლა შევაჩეროთ. ეს არის ერთადერთი გზა, რომელსაც დღეს თანამედროვე მსოფლიო აღიარებს“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

მთავრობის პრესსპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ ახალ გამოწვევასთან ბრძოლაში საქართველო მარტო არ არის, რაც კონკრეტულ დონორულ დახმარებაში გამოიხატა. 

„სამ მილიარდამდე თანხა შეიძლება, სათქმელად მარტივია, მაგრამ ეს არის უზარმაზარი თანხა და შესაძლებლობა იმისთვის, რომ კრიზისის შემდგომ ეკონომიკის დაბრუნება მაქსიმალურად სწრაფად შევძლოთ. ასევე, ძალიან დიდ პატივისცემასა და მადლიერებას იმსახურებენ ის ადამიანები, რომლებიც აქტიურად მუშაობენ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და, რომლებმაც რეალურად შეძლეს, რესურსები მაქსიმალურად მოეზიდათ, რომ საქართველო „კოვიდ -19“-ის გამოწვევას გაუმკლავდეს“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა ტიპის დახმარებას უნდა ელოდნენ მთავრობისგან მოქალაქეები, რომლებმაც პანდემიასთან ბრძოლის დროს სამსახური დაკარგეს და რა რესურსი მოხმარდებათ მათ ამ სამ მილიარდამდე დოლარიდან, რომლის მობილიზებაც ხელისუფლებამ დონორი ორგანიზაციებისგან მოახერხა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, რომ ხელისუფლების პირველი და მთავარი პრიორიტეტია, ჰქონდეს სოციალური პროგრამები იმისთვის, რომ დაეხმაროს „კოვიდ 19“-ის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებულ ადამიანებს და მეორე მხრივ, კერძო სექტორს, რათა ბიზნესი იმ საწყის პოზიციებზე დაბრუნდეს, რომელზეც ეპიდაფეთქებამდე იყო.

„არ მინდა, მოვლენებს გავუსწრო და დეტალებზე წინასწარ ვისაუბრო. ამაზე პარასკევს იქნება პრეზენტაცია და საუბარი, მაგრამ ერთი რამ ცხადია – როგორც „კოვიდ 19“-ის საწინააღმდეგო ღონისძიებებში ვიყავით თანმიმდევრული, ასევე თანმიმდევრული ვიქნებით ეკონომიკური დახმარების პაკეტებში. საზოგადოებამ დაინახა, რომ იყო გადაწყვეტილებები, რომლებიც მყისიერად მივიღეთ და, რომელმაც შექმნა იმის შეგრძნება, რომ ხელისუფლება საკუთარ ხალხს არ მიატოვებდა „კოვიდ 19“-თან ბრძოლაში. შემდგომ, ლოგიკურად გავაგრძელეთ ეს და პარასკევს გვექნება დიდი პრეზენტაცია, სადაც ყველაფერს დეტალურად მოისმენთ“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.