ირაკლი ჩიქოვანი - შემდგომი ორი-სამი კვირის განმავლობაში ვირუსის გავრცელების ყველაზე აქტიური და პიკური ფაზა იქნება
ირაკლი ჩიქოვანი - შემდგომი ორი-სამი კვირის განმავლობაში ვირუსის გავრცელების ყველაზე აქტიური და პიკური ფაზა იქნება

ფართოვდება კლასტერები და სულ უფრო რთულდება წყაროს დადგენა, საიდანაც ეს კლასტერები ვრცელდება, – ამის შესახებ პრემიერის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

როგორც მან დღეს ბრიფინგზე აღნიშნა, ქვეყანა ახალი კორონავირუსის სრულმასშტაბიანი შიდა გავცელების ეტაპზეა.

კოვიდ 19“-ის გლობალური გამოწვევა ძალიან მძიმედ აისახება როგორც თითოეულ ჩვენს მოქალაქეზე, ასევე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე და ჩვენ კარგად გვესმის, რომ ამას თითეული ჩვენთაგანი კარგად და ზუსტად აღვიქვამთ. საქართველოს მთავრობის ბრძოლა „კოვიდ 19“-ის გავრცელების წინააღმდეგ სწორედ იმიტომ იქნა აღიარებული წარმატებულად, რადგანაც, ჯერ კიდევ ჩვენს ქვეყანაში პირველი ფაქტის დაფიქსირებამდე ერთი თვით ადრე საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო ძალიან ქმედითი და მიზანმიმართული გადაწყვეტილებების მიღება, რასაც უნდა შეეფერხებინა „კოვიდ 19“-ის გავრცელება. რა თქმა უნდა, ეს პროცესი იყო თანმიმდევრული, გეგმის შესაბამისი და თითოეული ეს გადაწყვეტილება ეყრდნობოდა პროფესიონალების და ჩვენი ექსპერტების მოსაზრებებს. სწორედ ამის შედეგია, რომ ამ დროისთვის, კორონავირუსის 408 დადასტურებული ფაქტი არის ქვეყანაში და არა გაცილებით უფრო მეტი.

კლასტერები სამწუხაროდ ფართოვდება და სულ უფრო რთულდება იმ წყაროს დადგენა, საიდანაც ეს კლასტერები ვრცელდება. ქვეყანა სრულმასშტაბიანი შიდა გავრცელების ეტაპზეა“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

ამასთან, მისი თქმით, სპეციალისტების ანალიზის საფუძველზე, შესაძლებელია თქმა, რომ შემდგომი ორიდან სამი კვირის განმავლობაში ვირუსის გავრცელების ყველაზე აქტიური და პიკური ფაზა იქნება.

„ამასთან, დღეს უკვე სპეციალისტების ანალიზის საფუძველზე, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ შემდგომი ორიდან სამი კვირის განმავლობაში ვიქნებით ვირუსის გავრცელების ყველაზე აქტიურ, პიკურ ფაზაში. შესაბამისად, დღეს ხელისუფლების გადაწყვეტილებებსა და მოქმედებებს კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება. გავაგრძელოთ იმ აუცილებელი ნაბიჯების გადადგმა, რომელიც ქვეყანას ვირუსის მასიური გავრცელების შეჩერების შესაძლებლობას მისცემს, რათა ამ ფაზას ლოგიკურად მოვაყოლოთ ე.წ. გახსნის ფაზა, რაც დაწესებული შეზღუდვების ნაბიჯ-ნაბიჯ და ეტაპობრივ მოხსნას გულისხმობს“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

მისი თქმით, აღნიშნული ფაზაც უნდა იყოს ეტაპობრივად დაგეგმილი და ეს პროცესი აუცილებელია, ისეთივე წარმატებით გაგრძელდეს, როგორც აქამდე მიმდინარეობდა შეკავების პროცესი.