ირაკლი ჩიქოვანი - სესიაზე საქართველო იყო ერთ-ერთი მთავარი სახელმწიფო, რომელიც ძალიან აქტიურად ლობირებდა, რომ ევროპის საბჭოდან გარიცხული ყოფილიყო რუსეთი
ირაკლი ჩიქოვანი - სესიაზე საქართველო იყო ერთ-ერთი მთავარი სახელმწიფო, რომელიც ძალიან აქტიურად ლობირებდა, რომ ევროპის საბჭოდან გარიცხული ყოფილიყო რუსეთი

„რაც მოხდა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე და გაჩნდა მიხეილ სააკაშვილზე ჩანაწერი, ეს იყო ნამდვილად ავანტიურა, რომლის მთავარი შემოქმედნი იყვნენ რამდენიმე ვიწრო ჯგუფი, რომლებიც ძირითადად ევროპის სახალხო პარტიას და სამწუხაროდ, ასევე უკრაინელ დეპუტაციას წარმოადგენდნენ. ეს არის ობიექტური რეალობა“, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი ჩიქოვანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი ჩიქოვანმა საპარლამენტო დელეგაციის უმრავლესობის წევრის მიერ დაფიქსირებულ პოზიციაზე საუბრისას აღნიშნა, რომ დელეგაციის წევრმა, გივი მიქანაძემ განმარტა, რომ ის მხარს უჭერს რეზოლუციას, მაგრამ, ვინაიდან არსებობს გარკვეული შესწორებები, ვერ მიიღებს მონაწილეობას საბოლოო ჯამში ტექსტის კენჭისყრის დროს.

„ის ადამიანები, რომლებიც გამოესარჩლნენ და რაღაცებს საუბრობენ, მე მგონი, უნდა გასცენ პასუხი იმას, მიაჩნიათ, თუ არა, რომ პოლიტპატიმრად მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ხელს აფარებს გირგვლიანის მკვლელებს ხელს, მიაჩნიათ თუ არა მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმრად, რომელიც საქართველოს პარლამენტის წევრს სცემს და მიაჩნიათ თუ არა ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმრად, რომელიც დაკავებულია თვით კონტრაბანდით და პირდაპირ ამბობდა, რომ ქვეყანაში შემოსული იყო საბოტაჟის მოსაწყობად“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

პარლამენტის წევრმა საერთაშორისო საპარლამენტო ფორუმებზე უკრაინის მხარდაჭერის მიმართ საქართველოს მიერ მხარდაჭერილ რეზოლუციებზე ისაუბრა და ის კონკრეტული დოკუმენტები დაასახელა, რომლებიც საქართველოს საპარლამენტო დელეგაციების უმრავლესობის წევრების მხრიდან იქნა მხარდაჭერილი.

„რეზოლუცია 24/33, რეკომენდაცია 22/28, რომელზეც მინდა გითხრათ მოიკითხოთ, ოპოზიციის ხმები არის აქ თუ არ არის. არ არის. ვთქვა, რომ არ უჭერენ ისინი უკრაინას მხარს? თუნდაც ამ სესიაზე, იყო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომელიც საუბრობდა, თუ რა შედეგები მოჰყვა იძულებით გადაადგილებული ადამიანებისთვის, რომელსაც ჩვენ მხარი დავუჭირეთ, ოპოზიციის წარმომადგენლებმა კი არა.

ამ სესიაზე საქართველო იყო ერთ-ერთი მთავარი სახელმწიფო, რომელიც ძალიან აქტიურად ლობირებდა, რომ ევროპის საბჭოდან გარიცხული ყოფილიყო რუსეთის ფედერაცია. ევროპის სახალხო პარტიისთვის სამარცხვინო არის, რომ მასთან ასოცირებული პოლიტიკური პარტიის ლიდერი იყოს კრიმინალი და ამიტომ ცდილობენ ყველანაირი პოლიტიკური მოტივით ამის გადაფარვას. ჩვენ ვერასოდეს გადავარწმუნებთ და შევაცვლევინებთ აზრს “ნაციონალურ მოძრაობას“, ვინაიდან მთელი ვერტიკალი და შემადგენლობა ამაზეა ორიენტირებული და მათთვის მიხეილ სააკაშვილი ბელადად დარჩება“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.