ირაკლი ჩიქოვანი - სასამართლოსადმი ნდობა იზრდება, ეს ობიექტური რეალობაა, თუ ვინმეს ნდობა არ აქვს, ესენი არიან კონკრეტული პოლიტიკური პარტიები ან მათთან აფილირებული არასამთავრობოები
ირაკლი ჩიქოვანი - სასამართლოსადმი ნდობა იზრდება, ეს ობიექტური რეალობაა, თუ ვინმეს ნდობა არ აქვს, ესენი არიან კონკრეტული პოლიტიკური პარტიები ან მათთან აფილირებული არასამთავრობოები

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, საერთო სასამართლოების კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნაში ცხადად არის მითითებული, რომ კონკრეტული რეკომენდაციები, რომლებიც კომისიას ჰქონდა, შესრულებულია.

ჩიქოვანის განმარტებით, საუბარია კონკრეტულ კანონპროექტებსა და უკვე მოქმედ კანონებზე. ირაკლი ჩიქოვანის თქმით, აქედან გამომდინარე, დასკვნა პოზიტიურია.

„მეორე მხრივ, ის ნაწილი, რომელიც შეეხება ე.წ. სისტემურ მიდგომას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმასთან დაკავშირებით, თვითონ დასკვნაშივე წერია, ეს რეფორმა განპირობებულია იმით, რომ გაქარწყლდეს გარკვეული უნდობლობა სასამართლო სისტემის მიმართ. პირველ რიგში, სასამართლოს მიმართ ნდობა საქართველოში იზრდება, ეს არის ობიექტური რეალობა. თუ ვინმეს ნდობა არ აქვს, ესენი არიან კონკრეტული ადამიანები, კონკრეტული პოლიტიკური პარტიები ან მათთან აფილირებული არასამთავრობო ორგანიზაციები. მათი მხრიდან რაიმე კონსტრუქციულობის, ჩართულობის ან რაიმე დადებითის თქმის მოლოდინი არ გვაქვს, რადგან ისინი მოქმედებენ მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგით“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ვენეციის კომისიამ საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებებზე მოსაზრება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ „მიესალმებიან ივნისში მიღებულ ზოგიერთ შესწორებას, ასევე სექტემბრის ცვლილებებს, მაგრამ მნიშვნელოვანი წინა რეკომენდაციები ჯერ არ არის გათვალისწინებული“.