ირაკლი ჩიქოვანი - საქართველოს მოქალაქეები დიდი იმედით შევყურებთ ანაკლიის პროექტს, რომელიც კიდევ უფრო გააძლიერებს ქვეყნის სტრატეგიულ მნიშვნელობას შუა დერეფანში
ირაკლი ჩიქოვანი - საქართველოს მოქალაქეები დიდი იმედით შევყურებთ ანაკლიის პროექტს, რომელიც კიდევ უფრო გააძლიერებს ქვეყნის სტრატეგიულ მნიშვნელობას შუა დერეფანში

გამოვიყენებთ ყველა რესურსს, რათა ჩვენი მოქალაქეების ინტერესები დავიცვათ და განვავითაროთ სახელმწიფო. საქართველოს არა აქვს ფუფუნება, იყოს იზოლირებული, ვიღაცის „კაპრიზების“ გამო არ ესაუბროს და არ ეძებოს პარტნიორები, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ჩიქოვანმა პარლამენტში ინტერპელაციის წესით ანაკლიის საკითხზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

„ჩვენ ვეძებთ პარტნიორებს, მეგობრებს, მათ შორის მსოფლიოში სტრატეგიულად დიდი მნიშვნელობის მატარებელ სახელმწიფოებთან. ვეძებთ პარტნიორობას. ჩვენ ამ პარტნიორობაში მათი მხრიდანაც გვინდა პარტნიორობა, არა აქვს ამას მნიშვნელობა, იქნება ეს ამერიკის შეერთებული შტატები, ჩინეთი, ჩვენ არ შევდივართ იმ გეოპოლიტიკურ შეჯიბრში, რომელიც ამ ორ ქვეყანას, შეიძლება, ჰქონდეს“, – აღნიშნა ჩიქოვანმა.

მისი შეფასებით, ანაკლიის პორტის მნიშვნელობა არ განისაზღვრება არც ერთი და არც ორი წლით, მისი სტრატეგიულობა არ არის განპირობებული კონკრეტულ დროში, კონკრეტულ ვადაში მის განხორციელებასთან.

„ჩვენ წინ უნდა ვიხედებოდეთ და რეალურად უნდა ვსაუბრობდეთ იმაზე, რომ ეს პორტი მოიტანს დიდ სიკეთეს ჩვენი სახელმწიფოსთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის. ბატონო მინისტრო, გულწრფელად გეტყვით, რომ ის, რაც დღეს ისაუბრეთ, რომ უკვე წელს იქნება გარკვეული სამუშაოები დაწყებული, ეს არის ნამდვილად კარგი ამბავი. მავნებელი თუ არ ხარ, შენი ქვეყნის ცუდი თუ არ გიხარია და უბრალოდ ბოროტი ადამიანი არ ხარ, ყველანი თქვენი მოსმენის შემდეგ უნდა ვიყოთ გახარებულები, რომ ეს გადაწყვეტილება უკვე ამ ეტაპზეა. ჩვენ, ყველანი, საქართველოს მოქალაქეები ძალიან დიდი იმედით შევყურებთ ამ პროექტს, რომელიც მართლაც კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ მნიშვნელობას შუა დერეფანში“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ინფორმაციას საქართველოს პარალამენტის პრესსამსახური ავრცელებს.