ირაკლი ჩიქოვანი - რამდენიმე დღეა, „ნაციონალური მოძრაობა“ ახორციელებს პროვოკაციულ ქმედებებს, რათა ხელოვნურად გააუარესოს უპრეცედენტოდ მშვიდი საარჩევნო გარემო
ირაკლი ჩიქოვანი - რამდენიმე დღეა, „ნაციონალური მოძრაობა“ ახორციელებს პროვოკაციულ ქმედებებს, რათა ხელოვნურად გააუარესოს უპრეცედენტოდ მშვიდი საარჩევნო გარემო

რამდენიმე დღეა, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, სხვადასხვა რეგიონებში, ახორციელებენ პროვოკაციულ ქმედებებს, რათა ხელოვნურად გააუარესონ უპრეცედენტოდ მშვიდობიანი და მშვიდი საარჩევნო გარემო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

როგორც ჩიქოვანმა აღნიშნა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დღეს მოაწყო მორიგი პროვოკაცია კასპში, სადაც მათი მერობის კანდიდატი პარტიის რამდენიმე აქტივისტთან ერთად, მივიდა „ქართული ოცნების“ კასპის პარტიულ შტაბთან და დესტრუქციული ქმედებებით ცდილობდა მხარდამჭერების პროვოცირებას.

„რამდენიმე დღის წინ, საზოგადოებას მივაწოდეთ ინფორმაცია ნაციონალური მოძრაობის მიერ წინასაარჩევნოდ დაგეგმილი დესტრუქციული და პროვოკაციული ქმედებების შესახებ. როგორც ხედავთ, უკვე რამდენიმე დღეა, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, სხვადასხვა რეგიონებში, ახორციელებენ პროვოკაციულ ქმედებებს, რათა ხელოვნურად გააუარესონ უპრეცედენტოდ მშვიდობიანი და მშვიდი საარჩევნო გარემო. ამის პირველი მაგალითი გახლდათ მაშინ, როდესაც მთავარი არხის წარმომადგენელი შეიჭრა „ქართული ოცნების“ ქარელის შტაბში და ჩვენი მერობის კანდიდატს მიაყენა უხეში შეურაცხყოფა. აღნიშნულ ფაქტს მოჰყვა პროვოკაციები ბათუმში, ხელვაჩაურში და მათ შორის, არასრულწლოვანი ბავშვის გამოყენებითაც, რაც რეალურად მიანიშნებს „ნაციონალური მოძრაობის“ ღირებულებებზე და ნათლად მეტყველებს, რა მიზნები აქვთ მათ. მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ აქტივისტს, რომელიც იჩენს მოთმინებას, არ ჰყვება პროვოკაციას და აგრძელებს საარჩევნო კამპანიის წარმოებას, რომელიც მიმართულია ჩვენი მოქალაქეების ღირსეული უკეთესი მომავლისთვის.

სამწუხაროდ, მძიმე ინციდენტით დასრულდა მათი პროვოკაცია ასევე დმანისში, სადაც ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა მხარდამჭერმა მძიმე დაზიანება მიიღო. მადლობას ვუხდით შინაგან საქმეთა სამინისტროს მყისიერი რეაგირებისთვის. გუშინწინ დესტრუქციული ქმედებების ეს ჯაჭვი გააგრძელა ნაციონალური მოძრაობის ფორმალურმა თავმჯდომარემ ნიკანორ მელიამ, რომელმაც პროვოკაცია ევროკავშირის ოფისის წინ მოაწყო. სამწუხაროდ, ამ პროვოკაციას არ მოჰყვა სათანადო შეფასება, რაც შესაძლებელია ნაციონალური მოძრობის მხრიდან მწვანე შუქად იქნეს შეფასებული.

ჩვენი ვარაუდი გამართლდა და დღეს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოაწყო მორიგი პროვოკაცია კასპში, სადაც ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატი პარტიის რამდენიმე აქტივისტთან ერთად მივიდა „ქართული ოცნების“ კასპის პარტიულ შტაბთან და დესტრუქციული ქმედებებით ცდილობდა ჩვენი მხარდამჭერების პროვოცირებას. ასევე, არსებობს ინფორმაცია, რომ ანალოგიურ ქმედებებს „ნაციონალური მოძრაობა“ აპირებს განახორციელოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნების“ აქტივისტების და შტაბის წევრების პროვოცირების მიზნით. მოვუწოდებთ „ნაციონალურ მოძრაობას“, უარი თქვან პროვოკაციებზე და საარჩევნო გარემოს ხელოვნური გაუარესების ყოველდღიურ მცდელობაზე.

მივმართავ ყველას, როგორც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს, ისე საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს – პირველ რიგში უნდა ვიზრუნოთ მშვიდობიან საარჩევნო გარემოზე, სადაც საშუალება გვექნება გავაკეთოთ თავისუფალი მშვიდი არჩევანი. ამისთვის აუცილებელია, ყველამ დაიცვას ის კანონები და წესები, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არსებობს“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ამ ყველაფერში საერთაშორისო პარტნიორების მოწოდება, ვინაიდან სამწუხაროდ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უკვე დიდი ხანია, დაკარგა შესაძლებლობა, მოუსმინოს და გაიგოს, რა სჭირდება ქართველ ხალხს, ქართველ საზოგადოებას და იქნებ მათი მაინც შეისმინონ.

„კიდევ ერთხელ მივმართავ პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებს, კანდიდატებს, ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართულია საარჩევნო პროცესში „ქართული ოცნების“ მხრიდან, გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება და გააკეთონ აბსოლუტურად ყველაფერი, რათა ნებისმიერ პროვოკაციას მოჰყვეს მშვიდი რეაქცია და არ წამოვეგოთ ამ პროვოკაციაზე, რადგან ყველას გვჭირდება მაქსიმალური პასუხისმგებლობა და ეს პასუხისმგებლობა, პოლიტიკურ პარტიებთან ერთად მთლიანად საზოგადოებამაც უნდა ავიღოთ, რომ ამ ქვეყანაში უნდა ჩავატაროთ მშვიდი არჩევნები, რომელიც ორიენტირებული იქნება იმაზე, ვინ უკეთ შეძლებს პრობლემების მოგვარებას, რომელიც აქვს ჩვენს მოქალაქეებს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

დატოვე კომენტარი