ირაკლი ჩიქოვანი - ქართველმა ხალხმა გააკეთა ევროპული არჩევანი და ერთი კრიმინალი პოლიტიკოსი წინაღობა არ უნდა იყოს, სააკაშვილსა და ევროკავშირს შორის ტოლობის ნიშანი არ უნდა დაისვას
ირაკლი ჩიქოვანი - ქართველმა ხალხმა გააკეთა ევროპული არჩევანი და ერთი კრიმინალი პოლიტიკოსი წინაღობა არ უნდა იყოს, სააკაშვილსა და ევროკავშირს შორის ტოლობის ნიშანი არ უნდა დაისვას

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, სამწუხაროა, რომ სააკაშვილთან დაკავშირებით ევროპარლამენტის რეზოლუცია არასწორ ინფორმაციას ეფუძნება.

როგორც ჩიქოვანმა საქართველოს პირველ არხს განუცახდა, სააკაშვილსა და ევროკავშირს შორის ტოლობის ნიშანი არ უნდა დაისვას.

„სამწუხარო რეალობაა, როცა ისეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუციის რეზოლუცია, როგორიცაა ევროპარლამენტი, ეფუძნება მცდარ და არასწორ ინფორმაციას. კიდევ ვხედავთ იმ რეალობას, როცა მიხეილ სააკაშვილის საკითხისა და მისი დანაშაულის შესაბამისი სასჯელის სრული პოლიტიზება ხდება. აქ საუბარი არ არის სამართლის პრინციპებზე, მაშინ როდესაც სამართლებრივი სახელმწიფოს მთავარი ღირებულება კანონის უზენაესობაა. განცხადება იმის თაობაზე, თითქოს ეს წარმოადგენს ვენდეტას, აბსოლუტურად უსაფუძვლოა და ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, რადგან ვერცერთი კითხვა ვერ დაისმება მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებთან დაკავშირებით. მისი პატიმრობა აბსოლუტურად სამართლიანია. სტრასბურგის სასამართლომ გირგვლიანის საქმეზე ცხადად მიანიშნა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები მოქმედებდნენ კოორდინირებულად დანაშაულის დასაფარად და ამაში მონაწილეობდა პრეზიდენტის ინსტიტუტი. ეს არის ობიექტური რეალობა.

სააკაშვილსა და ევროკავშირს შორის ტოლობის ნიშანი არ უნდა დაისვას. შეუძლებელია, საქართველოს პროგრესი არ იყოს დანახული და არასწორია, თუ ტოლობის ნიშანი ისმება პატიმარ სააკაშვილსა და ქვეყნის ევროინტეგრაციასთან მიმართებით. ევროპული არჩევანი ქართველმა ხალხმა გააკეთა და ერთი კრიმინალი პოლიტიკოსი არ უნდა იყოს ამის წინაღობა. ობიექტურია შეხედულება, რაც ქართულ საზოგადოებას და საქართველოთი დაინტერესებულ ადამიანებს სააკაშვილის მმართველობასთან დაკავშირებით აქვთ, მაგრამ არიან ევროპელი პოლიტიკოსები, რომელთაც მცდარი წარმოდგენა აქვთ იმის თაობაზე, როგორ მართავდა სააკაშვილი სახელმწიფოს და მათ კვლავ სურთ, დახუჭონ თვალი ყველა დანაშაულზე, რომელსაც სააკაშვილი და მის მიერ ორკესტრირებული სისტემა ჩადიოდა საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ევროპარლამენტმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტი დაამტკიცა.