ირაკლი ჩიქოვანი - პრემიერის ბრიუსელში ვიზიტთან დაკავშირებით გამოხმაურებებში პოზიტიურად ფასდება საქართველოს პროგრესი, სწორედ ამ პროგრესის გადასაფარად ხდება დეზინფორმაციის მოგონება
ირაკლი ჩიქოვანი - პრემიერის ბრიუსელში ვიზიტთან დაკავშირებით გამოხმაურებებში პოზიტიურად ფასდება საქართველოს პროგრესი, სწორედ ამ პროგრესის გადასაფარად ხდება დეზინფორმაციის მოგონება

გაკეთებულია ოფიციალური განცხადება როგორც შარლ მიშელის ოფისიდან, ასევე ჩვენი მხრიდან, რომ ირაკლი ღარიბაშვილისა და შარლ მიშელის ერთობლივი პრესკონფერენცია დაგეგმილი არ ყოფილა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

ირაკლი ჩიქოვანი გამოეხმაურა ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, ევროპული საბჭოს პრეზიდენტისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ერთობლივი პრეკონფერენცია გაუქმდა.

მისი თქმით, სადეზინფორმაციო მედიასაშუალებები ცრუ ინფორმაციებს იგონებენ და შემდეგ ამ ინფორმაციების უარყოფა უწევთ.

„პრემიერ-მინისტრს ბრიუსელში უმაღლესი დონის ვიზიტი აქვს, რაც ითვალისწინებს შეხვედრებს როგორც ევროკავშირში, ასევე ნატო-ში. თქვენ მნიშვნელოვანი გამოხმაურებები უკვე ნახეთ, სადაც პოზიტიურად ფასდება საქართველოს პროგრესი. სწორედ ამ პროგრესის გადასაფარად ხდება ასეთი დეზინფორმაციის მოგონება. უახლოეს ისტორიას გადავავლოთ თვალი და დავინახავთ, რომ სადეზინფორმაციო მედიასაშუალებები ცრუ ინფორმაციებს იგონებენ და შემდეგ ამ ინფორმაციების უარყოფა უწევთ. ოფიციალური განცხადებაა გაკეთებული როგორც შარლ მიშელის ოფისიდან, ასევე ჩვენი მხრიდან, რომ ასეთი პრესკონფერენცია დაგეგმილი არ ყოფილა. დაგეგმილი იყო ნატო-ს გენერალურ მდივანთან, რაც პოზიტიურად შეფასდა“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.