ირაკლი ჩიქოვანი - პრემიერ-მინისტრის დავალებით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო დაიწყებს ბიზნესთან კონსულტაციებს, რათა შვიდ ძირითად პროდუქტზე ფასები შენარჩუნდეს
ირაკლი ჩიქოვანი - პრემიერ-მინისტრის დავალებით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო დაიწყებს ბიზნესთან კონსულტაციებს, რათა შვიდ ძირითად პროდუქტზე ფასები შენარჩუნდეს

ქვეყანაში საკმარისზე მეტი მარაგია და ამ მიმართულებით ნამდვილად გვაქვს პოზიტიური დინამიკა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

მისი თქმით, ამინდის გამო შეიქმნა მცირედი შეფერხებები საზღვარზე, რაც უმოკლეს ვადებში მოგვარდება.

„სოფლის მეურნეობის მინისტრმა მოახსენა პრემიერ-მინისტრს ინფორმაცია მარაგებთან დაკავშირებით და მინდა გითხრათ, რომ ამ მიმართულებით ნამდვილად გვაქვს პოზიტიური დინამიკა და ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანაში საკმარისზე მეტი მარაგია. ეს მარაგები ივსება პერმანენტულად, თუმცა გართულებულმა ამინდმა და გზებზე არსებულმა სიტუაციამ შესაძლოა, გარკვეული გამოიწვიოს შეფერხებები საზღვარზე, მაგრამ ეს არ არის არსებითი. ეს მაქსიმუმ ერთ-ორ დღეში იქნება ამოწურული. შესაბამისად, ამ მიმართულებით მნიშვნელოვან შეფერხებებს არ ველოდებით“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის დავალებით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო დაიწყებს ბიზნესთან კონსულტაციებს, რათა შვიდ ძირითად პროდუქტზე ფასები იყოს შენარჩუნებული და არ იყოს ასახული მოქალაქეებზე.

„ჩვენ გვაქვს პერმანენტული კომუნიკაცია გაყიდვების სექტორში მოქმედ ბიზნესსუბიექტებთან, მათთან ერთად კოორდინაციით ვახდენთ სრულ კოორდინაციას მთლიანი ბიზნეს პროცესის და შესაბამისად, დიდ გამოწვევებს არ ველოდებით.

პრემიერ-მინისტრის მხრიდან იქნა გაცემული დავალება, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დაიწყოს ბიზნესთან კონსულტაციები, რათა შვიდ ძირითად პროდუქტზე იყოს შენარჩუნებული ფასები და ფასების მერყეობა არ იყოს ასახული მოქალაქეებზე, შესაბამისად, სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბიზნესთან კონსულტაციით დაიწყებს მუშაობას ისეთ მექანიზმზე, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ ნაკლებად ცვალებადი ფასები იყოს ამ პროდუქტებთან მიმართებაში“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.