ირაკლი ჩიქოვანი - „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თუ ახლანდელი ლიდერები აქეზებდნენ საზოგადოებას ძალადობისკენ, ეს არის ნათელი გამოვლინება, რომ პარტიის მიზანია, რევოლუციური რევანშიზმი გამოიწვიოს
ირაკლი ჩიქოვანი - „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თუ ახლანდელი ლიდერები აქეზებდნენ საზოგადოებას ძალადობისკენ, ეს არის ნათელი გამოვლინება, რომ პარტიის მიზანია, რევოლუციური რევანშიზმი გამოიწვიოს

საზოგადოებამ იხილა, რომ მთელი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა დესტრუქციული რევანშისტური კამპანია, რათა კანონპროექტი დაებრენდათ რუსულ კანონპროექტად და აბსოლუტურად არ შესულიყვნენ მის შინაარსში, არ განემარტათ კანონის რეალური მიზეზი, მიზანი და ამის საფუძველზე გამოეწვიათ საზოგადოებაში გარკვეული უკმაყოფილება და მღელვარება, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

„ეს ყველაფერი, სამწუხაროდ, მორიგ ჯერზე ხდება „ნაციონალური მოძრაობისა“ და მის ანასხლეტ პარტიებთან ერთად მათთან დაკავშირებული მედიასაშუალებების მხრიდან. ვხედავთ, რომ ეს არის სრული დეზინფორმაციის შედეგი. ხაზი მინდა გავუსვა, რომ კანონპროექტი პირველი მოსმენით არის მიღებული, რომლის მთავარი მიზანია გამჭირვალობის უზრუნველყოფა. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ამ კანონის შემდგომ განხილვამდე ჩვენ დაველოდებით ვენეციის კომისიის დასკვნას და შემდგომ გავაგრძელებთ მის განხილვას.

დავინახეთ საქართველოს ძალიან ბევრი მოქალაქე, რომელსაც ჰქონდა გულწრფელი აღშფოთება, რომელიც, სამწუხაროდ, დაყრდნობილი იყო ფეიკკამპანიაზე. ეს არის სამწუხარო რეალობა და საზოგადოება შეცდომაში შეიყვანეს. დავინახეთ ისიც, რომ „ნაცმოძრაობის“ ლიდერები ან ყოფილი ლიდერები, ან არ ვიცი, უკვე რა ფორმა და სტატუსები აქვთ მათ, აქეზებდნენ საზოგადოებას ძალადობისკენ. ეს კიდევ ერთხელ იმის ნათელი გამოვლინებაა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვს არანაირი დღის წესრიგი, რომელიც მას აქვს შესათავაზებელი მოქალაქეებისთვის, მათი ერთადერთი და მთავარი მიზანია, რომ ქვეყანაში რევოლუციური რევანშიზმი გამოიწვიონ“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

ამასთან, მისივე თქმით, უნდა გაკეთდეს ყველაფერი, რათა საზოგადოებაში უზრუნველყოფილი იყოს გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ეს არ უნდა გადაიზარდოს ძალადობაში.

„დაშავებულებს დროულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, მათ შორის სამართალდამცველებს. სამწუხაროდ, დავინახეთ, რომ იყო კონკრეტული ძალადობრივი გამოვლინებები, სხვადასხვა ეპიზოდი ამ დემონსტრაციის პირობებში. ვნახეთ, რომ პოლიციამ გამოავლინა უმაღლესი დონე საკუთარ მოთმინებაში და დემოკრატიის უმაღლესი სტანდარტი დაანახა, როდესაც ის ოპერირებდა. მეორე მხრივ, მინდა, ხაზი გავუსვა, რომ აბსოლუტურად მიუღებელია ეს ძალადობრივი ქმედებები, რომელსაც აქეზებდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები, მათ შორის ის, რომ ცეცხლი გაუჩინეს პოლიციას. ეს ყველამ კარგად დავინახა. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რათა საზოგადოებაში უზრუნველყოფილი იყოს გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ეს არ უნდა გადაიზარდოს ძალადობაში“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.