ირაკლი ჩიქოვანი - „ნაციონალური მოძრაობა“ კი არა, ზოგადად, ქართული პოლიტიკა უნდა დავინახოთ მიხეილ სააკაშვილის გარეშე სულ მცირე რამდენიმე წელი, რამდენიც აქვს მისჯილი
ირაკლი ჩიქოვანი - „ნაციონალური მოძრაობა“ კი არა, ზოგადად, ქართული პოლიტიკა უნდა დავინახოთ მიხეილ სააკაშვილის გარეშე სულ მცირე რამდენიმე წელი, რამდენიც აქვს მისჯილი

„ნაციონალური მოძრაობა“ კი არა, ზოგადად, ქართული პოლიტიკა უნდა დავინახოთ მიხეილ სააკაშვილის გარეშე, როგორც მინიმუმ, რამდენიმე წელი, რამდენი წელიც მას აქვს მისჯილი, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ჩიქოვანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემის „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ წამყვანის შეკითხვას, არსებობენ თუ არა „ნაციონალურ მოძრაობაში“ ადამიანები, რომლებიც პარტიას მიხეილ სააკაშვილის გარეშე ხედავენ.

„მე იმედი მაქვს, „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებობენ ადამიანები, რომლებიც პარტიას მიხეილ სააკაშვილის გარეშე ხედავენ. მე ნამდვილად ვერასდროს ვერ და არ ვიქნები „ნაციონალური მოძრაობის“ გულშემატკივარი, არც ერთ შემთხვევაში, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობა“ კი არა, ზოგადად, ქართული პოლიტიკა უნდა დავინახოთ მიხეილ სააკაშვილის გარეშე, როგორც მინიმუმ, რამდენიმე წელი, რამდენი წელიც მას აქვს მისჯილი“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

აღნიშნული შეკითხვა გადაცემის წამყვანმა სტუმარს მას შემდეგ დაუსვა, რაც ირაკლი ჩიქოვანმა თქვა, რომ შესაძლოა, „ნაციონალურ მოძრაობაში“ არიან ადამიანები, რომლებიც რადიკალური არ არიან და „ნაციონალურ მოძრაობას“ მიხეილ სააკაშვილის გარეშე ხედავენ, მაგრამ ისინი მაინც რჩებიან სააკაშვილის ტყვეობაში, მისი კარნახის ქვეშ.

„ამის ნათელი მაგალითი იყო ოდიოზური ფიგურის, ბატონი ალასანიას ჩამობრძანება, რომელიც აქ საკარნახოდ ჩამოვიდა, ვის რა უნდა გაეკეთებინა და გაეცალა აქაურობას. ყველას კარგად ახსოვს, ეს კაცი როგორ საუბრობდა მკვლელების დაქირავებაზე“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

გადაცემის წამყვანის, მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, დაინახა თუ არა პოლარიზაციის შემცირების შანსი მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ეროვნული თანხმობის პროცესი დააანონსა და აქვს თუ არა მოლოდინი, რომ ეს პროცესი შედეგიანი აღმოჩნდება, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, რომ პრეზიდენტს აქვს აბსოლუტურად სწორი ხედვა და მიზანი, რათა დეპოლარიზაცია მოხდეს, თუმცა არსებული პოლარიზაციის წყარო არის „ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც მიუღებლობა აქვს იმ პოლიტიკური რეალობისა და არჩევანის, რომელსაც ქართული საზოგადოება ბოლო 7-8 არჩევნების განმავლობაში აკეთებს და აქედან გამომდინარე, დიდი მოლოდინი არ აქვს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან საკუთარი ქცევისა და განწყობების ცვლილება მოხდება.

შეკითხვაზე, რა საკითხებზე შეიძლება, მმართველმა გუნდმა შეძლოს სხვა პოლიტიკურ ძალებთან პოზიციების დაახლოება, რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ შეფასებით, „ქართული ოცნების“ რიტორიკა აჩვენებს, რომ პოლარიზაციის დასრულება მმართველი პარტიის ინტერესში არ არის, ჩიქოვანმა განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკურ ძალებთან საუბრის პრობლემა არ აქვს და კონკრეტულ საკითხებზე მას კომუნიკაცია აქვს პრაქტიკულად, ყველა პოლიტიკურ პარტიასთან, რომლებიც პარლამენტშია წარმოდგენილი.

„ჩვენ შეგვიძლია, ვიმოქმედოთ იმ ვითარებაში, როდესაც კანონის უზენაესობას ყველა სცემს პატივს და ყველა მიიღებს იმ რეალობას, რა რეალობაც ყოველი არჩევნების შემდეგ დგება, რომ ჩვენ გვაქვს საზოგადოებაში ყველაზე მეტი მხარდაჭერა“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.