ირაკლი ჩიქოვანი - „ნაციონალური მოძრაობა“ გადასულია პირდაპირ დესტრუქციაზე, მათ იციან, რომ პირწმინდად აქვთ წაგებული არჩევნები
ირაკლი ჩიქოვანი - „ნაციონალური მოძრაობა“ გადასულია პირდაპირ დესტრუქციაზე, მათ იციან, რომ პირწმინდად აქვთ წაგებული არჩევნები

საზოგადოებამ კარგად დაინახა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გადასულია პირდაპირ დესტრუქციაზე. იმ პირობებში, როდესაც მათ იციან, რომ პირწმინდად აქვთ წაგებული არჩევნები, ცდილობენ სრული დისკრედიტაცია მოახდინონ საარჩევნო პროცესის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატ გიორგი შენგელიას შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

როგორც ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, საზოგადოება მაქსიმალური მოთმინებით უნდა მოეკიდოს ყველა პროვოკაციას.

„ჩვენს გამარჯვებამდე დარჩა მხოლოდ რამდენიმე დღე, რომ გეგა შენგელიას და „ქართული ოცნების“ დამაჯერებელი გამარჯვება გავაფორმოთ. აქვე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ საერთაშორისო თანამეგობრობასთან, გვაქვს უშუალო პირდაპირი კავშირი – როგორც აქედან, ასევე ცენტრალური შტაბიდან და მათ ვაწვდით აბსოლუტურად ყველა ინფორმაციას, რომ თავიდან ავიცილოთ ასეთი ექსცესები. ყველა ნათლად ხედავს, რომ ყველა მოქმედება არის დესტრუქციული და „ნაციონალური მოძრაობა“ არ მალავს, რომ ისინი გათვლას კი არ აკეთებენ ზუგდიდელებზე, არამედ იმ ადამიანებზე, რომელთა ჩამოყვანასაც გეგმავენ. თვითონაც არ მალავენ, რომ რამდენიმე ათასი ადამიანის ჩამოყვანა სურთ ზუგდიდში. მივმართავ ზუგდიდელებს და ზუგდიდის მუნიციპალიტეტს, შეინარჩუნონ აბსოლუტური სიმშვიდე და ყველა სამართალდარღვევასთან დაკავშირებით მიმართონ სამართალდამცველებს“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

მისივე თქმით, სამართალდამცველები მზად არიან, მოახდინონ მყისიერი რეაგირება ყველა დარღვევაზე და არ აქვს მნიშვნელობა, ვინ ჩაიდენს და ვისი მომხრე იქნება.

„ჩვენი ინტერესია ზუგდიდში არჩევნები მშვიდად ჩატარდეს, ზუგდიდი არ იყოს საცდელი პოლიგონი და პოლიტიკური ბატალიების ეპიცენტრი, როგორსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, წარმოაჩინოს. 19 მაისს ჩვენი აქტივისტები, მომხრეები იქნებიან მობილიზებული, რათა ყველა ამომრჩეველი, მათგან გვაქვს უკვე თანხმობა, რომ მობრძანდებიან არჩევნებზე და მხარს დაგვიჭერენ, ისინი მოვლენ არჩევნებზე, მათ ექნებათ სპეციალური სიები. ეს სიები უზრუნველყოფს, რომ ზუსტად შევძლოთ აღრიცხვა ყველა ჩვენი ამომრჩევლის, რომელიც მოვა ადგილზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, ასევე ჩვენ გვექნება ვიდეოჩაწერის საშუალებები, რათა თავიდან ავიცილოთ ყველა პროვოკაცია, რომელიც შესაძლოა, უბნებზე მოხდეს. ჩვენ მზად ვართ არჩევნებისთვის და დარწმუნებული ვართ, რომ 19 მაისს ვიზეიმებთ გამარჯვებას“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.