ირაკლი ჩიქოვანი - მკაცრად გაკონტროლდება ყველა საწარმო, რომელსაც საგანგებო მდგომარეობის პირობებში მუშაობის უფლება აქვს მიღებული
ირაკლი ჩიქოვანი - მკაცრად გაკონტროლდება ყველა საწარმო, რომელსაც საგანგებო მდგომარეობის პირობებში მუშაობის უფლება აქვს მიღებული

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლისა და პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით მიმდინარეობს იმ საწარმოების შემოწმება, რომელთაც საგანგებო მდგომარეობის პირობებში ფუნქციონირების უფლება აქვთ მიღებული. ამის შესახებ ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული უწყებათაშორისი საკოორდინაციო სხდომის შემდეგ განაცხადა.

„როგორც თქვენთვის ცნობილია, საგანგებო მდგომარეობის პირობებში არიან საწარმოები, რომლებიც მოქმედებენ სპეციალური პირობების დაცვის შემთხვევაში. ასეთი საწარმოების კონტროლი დაიწყო. უკვე შემოწმდა რამდენიმე ათეული საწარმო. შემოწმებას აწარმოებს რამდენიმე უწყება ერთობლივად“, – აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

მისი თქმით, მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული უსაფრთხოების ზომები, კერძოდ, კორონავირუსის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებები.

„შესაბამისად, ჩვენ გავაგრძელებთ ამ მონიტორინგს. ყველა ის საწარმო, რომელსაც აქვს მიღებული უფლება, იფუნქციონიროს საგანგებო მდგომარეობის პირობებში, მკაცრად გაკონტროლდება, რათა მათ დაიცვან ყველა რეგულაცია, სპეციალური სტანდარტი და პროტოკოლი, რომელიც არის დადგენილი ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.