ირაკლი ჩიქოვანი - მიუნხენის კონფერენცია კარგი შესაძლებლობაა, რომ საქართველომ თავისი დღის წესრიგი კიდევ ერთხელ განუმარტოს პარტნიორებს
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მონაწილეობა ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ეს კიდევ ერთი შესაძლებლობაა, რომ საქართველომ საკუთარი დღის წესრიგი, ტერიტორიული პრობლემები და ევრო-ატლანტიკური ამბიციები კიდევ ერთხელ განუმარტოს პარტნიორებს.
„მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფორუმს წარმოადგენს, სადაც განიხილება თანამედროვე მსოფლიოს, განსაკუთრებით, ევროატლანტიკური სივრცის გამოწვევები. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ფორუმში საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიღებს მონაწილეობას. გვექნება სამუშაო შეხვედრები და სადილი, რომელშიც დადასტურებულია მაღალი დონის მონაწილეობა. ეს იქნება კიდევ ერთი შესაძლებლობა, რომ საქართველომ საკუთარი დღის წესრიგი, ტერიტორიული პრობლემები და ჩვენი ქვეყნის ევრო-ატლანტიკური ამბიციები კიდევ ერთხელ განუმარტოს ჩვენს პარტნიორებს. პრემიერ-მინისტრს დაგეგმილი აქვს ასევე ორმხრივი შეხვედრები, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს. რა თქმა უნდა, იქნება შეხვედრები ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებთანაც“,-განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.