ირაკლი ჩიქოვანი - ლოგიკას ვწყდებით, როცა მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილების პრობლემატურობაზე ვსაუბრობთ მაშინ, როცა მთავარი რეკომენდაციაა, დავრჩეთ სახლში
ირაკლი ჩიქოვანი - ლოგიკას ვწყდებით, როცა მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილების პრობლემატურობაზე ვსაუბრობთ მაშინ, როცა მთავარი რეკომენდაციაა, დავრჩეთ სახლში

ლოგიკას ვწყდებით, როცა მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილების პრობლემატურობაზე ვსაუბრობთ მაშინ, როცა მთავარი რეკომენდაციაა – დავრჩეთ სახლში, – ასე უპასუხა მთავრობის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა გადაცემა „მოამბის“ წამყვანის შეკითხვას, რა რისკს შეიცავს საკუთარი მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება და რატომ გახდა აუცილებელი ამ კონკრეტული შეზღუდვის თარიღის გადაწევა, რასაც მოქალაქეები ყველაზე მეტად აპროტესტებენ.

„სახლში რომ დავრჩეთ, ამისთვის აუცილებელია, ყველამ კარგად გავითავისოთ ის რეკომენდაციები, რომელიც სახელმწიფოს აქვს. სახელმწიფოს ეს რეკომენდაციები რომელიმე პოლიტიკოსის მოფიქრებული არ არის. ეს არის პრაქტიკა, რომელიც სამწუხაროდ, ერთადერთია და საუკეთესო პრაქტიკაა მთელ მსოფლიოში, რომ დავიცვათ სოციალური დისტანცია და სახლიდან არ გავიდეთ, გარდა უკიდურესი აუცილებლობისა. ჩვენ ვხედავდით, რომ მობილობა საკმაოდ მაღალი იყო. ამიტომ, ეს გადაწყვეტილება ზუსტად ამ პრობლემების თავიდან ასაცილებლად და პიკურ ვითარებაში მაქსიმალურად დაბალი ციფრებით შესახვედრად მივიღეთ“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, ნებისმიერ შემთხვევაში მოიხსნება თუ არა 27 აპრილს ავტომობილების გადაადგილებასთან დაკავშირებული შეზღუდვა, ჩიქოვანმა აღნიშნა, რომ მთავრობა ცხოვრების ნორმალურ რიტმში დაბრუნებაზე უკვე მუშაობს.

„დიახ, ჩვენ ვაცხადებთ, რომ საგანგებო მდგომარეობაა 22 მაისამდე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა შეზღუდვა, რომელიც დღეს არსებობს, 22 მაისამდე იქნება შენარჩუნებული. ამ პერიოდის განმავლობაში დიახ, ჩვენ ვხედავთ იმ შესაძლებლობას, რომ ნელ-ნელა, ეტაპობრივად, რეკომენდაციებზე დაყრდნობით შეგვეძლება გარკვეული შეზღუდვების შემსუბუქება, ცხოვრების ნორმალურ რიტმში და ასევე, ნორმალურ ეკონომიკურ რეჟიმში დაბრუნება“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

შეკითხვაზე, რა შეზღუდვების მოხსნას უნდა ველოდოთ პირველ რიგში და გადაიწევს თუ არა თბილისის, ქუთაისის, რუსთავის და ბათუმის გახსნის თარიღი, პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა განაცხადა, რომ ყველა კონკრეტული თარიღი და შემსუბუქება ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე იქნება დამოკიდებული და ასევე იმაზე, თუ რამდენად ზედმიწევნით შეასრულებს თითოეული მოქალაქე დღეს არსებულ შეზღუდვებს.

„ავტომობილების გადაადგილების შეზღუდვა 27 აპრილამდე იმოქმედებს, რაც ზომების პირველი მოსალოდნელი შემსუბუქებაა. ეს არის პირველი გადაწყვეტილება და პირველი მოსალოდნელი შემსუბუქება, რომელზეც შეგვიძლია, ამ ეტაპზე ვისაუბროთ“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ მოქალაქეს, ვინც სრულფასოვნად გაიზიარა სახელმწიფოს და ეპიდემიოლოგების მხრიდან გაცემული ყველა რეკომენდაცია.