ირაკლი ჩიქოვანი - კრიზისი როდესაც არის, მხოლოდ მაშინ გვახსენდება, თურმე რამდენი რამ აწევთ იმ ადამიანებს, რომლებიც შინაგან საქმეთა სამინისტროში სამშობლოს ემსახურებიან
ირაკლი ჩიქოვანი - კრიზისი როდესაც არის, მხოლოდ მაშინ გვახსენდება, თურმე რამდენი რამ აწევთ იმ ადამიანებს, რომლებიც შინაგან საქმეთა სამინისტროში სამშობლოს ემსახურებიან

ჩვენ ვსაუბრობთ ათიათასობით ადამიანზე და იმ სისტემაზე, რომლის შრომაც ყოველდღიურ რეჟიმში არ ჩანს. ჩანს მხოლოდ მაშინ, როდესაც არის კრიზისი და მხოლოდ მაშინ გვახსენდება, თურმე რამდენს აკეთებს ეს სისტემა, რამდენი რამ აწევთ იმ ადამიანებს, რომლებიც შინაგან საქმეთა სამინისტროში სამშობლოს ემსახურებიან, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს, „მინისტრის საათის“ ფორმატში მოუსმინეს.

ჩიქოვანმა შინაგან საქმეთა სამინისტროში მომუშავე ყველა ადამიანს მადლობა გადაუხადა.

„რიგ შემთხვევებში ეს არის დაუფასებელი შრომა. სამწუხაროდ, თქვენს სისტემას, თქვენს თანამშრომლებს უწევთ ამ ვითარებაში მუშაობა, ვინაიდან ვერ გავექეცით შეურაცხყოფას აქაც, ამ დარბაზშიც და ამ ტრიბუნიდანაც კი. უფრო უარეს შეურაცხყოფას აყენებენ გარეთ ქუჩაში მაშინ, როდესაც ისინი იცავენ წესრიგს. ამისთვის ბოდიში და დიდი მადლობა ყველა იმ ოფიცერს, იმ ადამიანს, ყველა პოლიციელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა თანამშრომელს, რომლებიც, მიუხედავად ამ დიდი სიმძიმისა, კეთილსინდისიერად ასრულებენ თავიანთ საქმიანობას“, – აღნიშნა ჩიქოვანმა.

მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროში არ არსებობს რაიმე სახის პოლიტიკური ვერტიკალი, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ ოფიცრები, ადამიანები, რომლებიც ატარებენ მუნდირის ღირსებას – არიან დაქვემდებარებული გარკვეულ პოლიტიკურ ვერტიკალს და არაოფიციალურ პოლიტიკურ დავალებებს.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.