ირაკლი ჩიქოვანი - გერმანია ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, ასეც გაგრძელდება, ამის დასტური იყო უმაღლესი დონის განცხადებები
ირაკლი ჩიქოვანი - გერმანია ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, ასეც გაგრძელდება, ამის დასტური იყო უმაღლესი დონის განცხადებები

გერმანია ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ასეც გაგრძელდება, ამის დასტური იყო განცხადებები, რომლებიც გაკეთდა უმაღლეს დონეზე, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა გერმანიაში ჟურნალისტებს განუცხადა.

ჩიქოვანის თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ვიზიტი დასრულდა. მინისტრის თქმით, ვიზიტისას სამთავრობო დელეგაციას უმაღლესი დონის შეხვედრები ჰქონდა.

„მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ გერმანია ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ასეც გაგრძელდება. ამის დასტური იყო განცხადებები, რომელიც გაკეთდა უმაღლეს დონეზე“, – აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

ამასთან, როგორც ჟურნალისტებთან ჩიქოვანმა აღნიშნა, საქართველოს გერმანიასთან თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ძალიან მაღალი დონის თანამშრომლობა აქვს.

„ჩვენ ვისაუბრეთ ამ საკითხთან დაკავშირებით. გვაქვს ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით მზარდი დინამიკა და რა თქმა უნდა, იყო იმის მზაობა, რომ ეს დინამიკა შენარჩუნდეს და ჩვენ კვლავაც გავაგრძელოთ თანამშრომლობა, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ევროპულ, ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ჩვენი ქვეყნის თავდაცვის ძალების გაძლიერებას“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.