ირაკლი ჩიქოვანი - სალომე ზურაბიშვილის განცხადებები აცდენილია იმ ინტერესს, რომელიც აქვთ ჩვენს სახელმწიფოს, მოქალაქეებს და ეწინააღმდეგება საგარეო პოლიტიკას
ირაკლი ჩიქოვანი - სალომე ზურაბიშვილის განცხადებები აცდენილია იმ ინტერესს, რომელიც აქვთ ჩვენს სახელმწიფოს, მოქალაქეებს და ეწინააღმდეგება საგარეო პოლიტიკას

ჩვენ კარგად ვხედავთ, მერამდენე თვეა, სალომე ზურაბიშვილი არაადეკვატურ განცხადებას აკეთებს, ისეთს, რომელიც სრულ აცდენაშია იმ სტრატეგიულ ინტერესებთან, რომლებიც ჩვენს სახელმწიფოს გააჩნია, ეს განცხადებაც ანალოგიური იყო, რომელიც მან ფრანგულ ტელევიზიასთან გააკეთა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

ჩიქოვანის თქმით, პრემიერ-მინისტრი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს შეხვდა და აუცილებელი გახდა კონკრეტული განმარტებების გაკეთება, რომ ე.წ. პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებები იმ განწყობას და სულისკვეთებას არ შეესაბამება, რაც საქართველოს სახელმწიფოს ჩინეთის სახელმწიფოსა და მის პრეზიდენტთან გააჩნია და სრულ აცდენაშია ქვეყნისა და მოქალაქეების ინტერესებთან.

„საქართველო არის საპარლამენტო რესპუბლიკა, რომლის პრეზიდენტი საგარეო პოლიტიკას არ ახორციელებს და არ წარმოადგენს იმ პოზიციებს, რაც ჩვენ გვაქვს. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ იმ თანამშრომლობას ძალიან მაღალ დონეზე ვაფასებთ, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან გვაქვს, მათ შორის იმ გადაწყვეტილებას, რომ ეს ურთიერთობები აყვანილი იყოს სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე. ძალიან კარგად ვხედავთ, თუ რა დიდი შედეგები შეიძლება, მოიტანოს ამ თანამშრომლობამ და პარტნიორობამ საქართველოს მნიშვნელოვანი ფუნქციის, როგორც დასავლეთის და აღმოსავლეთის დამაკავშირებელი სახელმწიფოს და სავაჭრო გზის განვითარებაში. განცხადებები, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი აკეთებს, აცდენილია იმ ინტერესს, რომელიც გააჩნია ჩვენს სახელმწიფოს, ჩვენს მოქალაქეებს და ეწინააღმდეგება საგარეო პოლიტიკას. თავის დროზე იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება და საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვა სწორედ ამიტომ მოგვიწია. საკონსტიტუციო სასამართლომ დაადასტურა, რომ სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციას არღვევს და მან დაკარგა როგორც ლეგიტიმურობა, ასევე რელევანტურობა“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამია, რომ ჩინეთის ელჩთან შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა შეაფასა საქართველოს პრეზიდენტის განცხადება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტთან, სი ძინპინთან დაკავშირებით, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა ფრანგულ სატელევიზიო არხ LCI-სთან ინტერვიუში გააკეთა და აღნიშნა, რომ მსგავსი განცხადება კატეგორიულად მიუღებელი და შემაშფოთებელია.