ირაკლი ჩიქოვანი - გაერო-ს რეზოლუცია მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და აღიარებს იძულებით გადაადგილებული პირების საკუთრების უფლებას
ირაკლი ჩიქოვანი - გაერო-ს რეზოლუცია მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და აღიარებს იძულებით გადაადგილებული პირების საკუთრების უფლებას

გაერო-ს ასამბლეის რეზოლუცია მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, აღიარებს იძულებით გადაადგილებული პირების საკუთრების უფლებას, მათ უფლებას დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში მიუხედავად ეთნიკურობისა, – ამის შესახებ სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა გაერო-ს ასამბლეის მიერ საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის შეფასებისას განაცხადა.

ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ხაზგასასმელია, რომ დოკუმენტში საუბარი იყო იმ ფატალურ და უმძიმეს შემთხვევებზე, რომელსაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰქონდა ადგილი.

„უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება იქნა მიღებული გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე. ეს არის უდიდესი საერთაშორისო ფორუმი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი. ხაზგასასმელია, ის ფაქტი და გარემოება, რომ არა მხოლოდ მხარდამჭერების რაოდენობა გაიზარდა გენერალურ ასამბლეაზე, არამედ გაიზარდა იმ ქვეყნების რაოდენობა, რომლებიც ავტორები არიან ამ დოკუმენტის და საქართველოსთან ერთად ბევრი სხვა სახელმწიფოც გამოდის ამ დოკუმენტის ავტორად. აქვე ძალიან მნიშვნელოვანია განცხადებები, რომელიც გაკეთდა განხილვების დროს. ნიშანდობლივია და ხაზს გავუსვამდი, რომ საუბარი იყო იმ ფატალურ და უმძიმეს შემთხვევებზე, რომელსაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰქონდა ადგილი, მათ შორის ოთხოზორია-ტატუნაშვილზე და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. საქართველო საერთაშორისო არენაზე განაგრძობს საკუთარი დღის წესრიგის შეთავაზებას და ჩვენი ქვეყანა ძალიან აქტუალურია ამ მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ გვაქვს ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.