ირაკლი ჩიქოვანი - ფოკუსირება უნდა მოვახდინოთ დიალოგისა და ნდობის აღდგენის ხელშეწყობაზე, რაც მიგვიყვანს პრაქტიკულ გადაწყვეტილებამდე საერთო რეგიონული ინტერესების განხორციელებაში
ირაკლი ჩიქოვანი - ფოკუსირება უნდა მოვახდინოთ დიალოგისა და ნდობის აღდგენის ხელშეწყობაზე, რაც მიგვიყვანს პრაქტიკულ გადაწყვეტილებამდე საერთო რეგიონული ინტერესების განხორციელებაში

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიაზე, სადაც სიტყვით გამოვიდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი ირაკლი ჩიქოვანი, სომხეთისა და აზერბაიჯანის კონფლიქტის ჰუმანიტარულ შედეგები განიხილეს.

„გეოპოლიტიკური პერსპექტივიდან გამომდინარე, შავი ზღვის რეგიონი კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს და შესაბამისად, ჩვენს მიზანს წარმოადგენს მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა რეგიონში. ჩვენ ფოკუსირება უნდა მოვახდინოთ დიალოგისა და ნდობის აღდგენის ხელშეწყობაზე, რაც მიგვიყვანს პრაქტიკულ გადაწყვეტილებამდე საერთო რეგიონალური ინტერესების განხორციელებაში. საქართველო ყოველთვის იყო და არის მზად, მხარი დაუჭიროს და წაახალისოს საერთაშორისო კანონზე დაფუძნებული მშვიდობა და უსაფრთხოება კავკასიაში კონფლიქტის რეგიონის მშვიდობის ზონად გარდაქმნის ხელშეწყობის გზით. ეს სიტყვები უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს განსაკუთრებით, საქართველოსათვის ამ ტრაგიკულ დღეს, როდესაც 27 სექტემბერს 28 წლის წინ, ათასობით ქართველი იძულებული გახდა, დაეტოვებინა საკუთარი სახლ-კარი, როდესაც ათასობით ადამიანი დაიღუპა და თბილისმა დაკარგა კონტროლი აფხაზეთის რეგიონზე“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ჩიქოვანის თქმით, ოკუპაციამ ხელი ვერ შეუშალა საქართველოს რეგიონში დიალოგისა და ნდობის აღდგენის გზების ძიებაში. სწორედ ყარაბაღის ომის შემდეგ, საქართველომ წამოაყენა სამმხრივი სამშვიდობო ინიციატივა საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანისათვის, რომელიც მიზნად ისახავს ნდობის აღდგენის პროცესს.

„აზერბაიჯანის მიერ 15 სომეხი ტყვის გათავისუფლებამ და მათ ოჯახებში დაბრუნებამ, ასევე სომხეთის გადაწყვეტილებამ, აზერბაიჯანისათვის დანაღმული ტერიტორიების თაობაზე ინფორმაციის მიწოდებაზე საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების მედიაციის გზით, ნათლად წარმოაჩინა დიალოგის შესაძლებლობა, და რეალურად შექმნა შესანიშნავი საფუძველი ამისათვის.

დროთა განმავლობაში დადგება იმის აუცილებლობა, რომ ვიფიქროთ რეგიონის სამშვიდობო ჩარჩოზე, რომელიც გაამყარებს სამეზობლო ურთიერთობებსა და ხელს შეუწყობს მყარ განვითარებას სამხრეთ კავკასიაში“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

დატოვე კომენტარი