ირაკლი ჩიქოვანი - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოზიციაა, რომ შარლ მიშელის დოკუმენტს ყველა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა მოაწეროს ხელი
ირაკლი ჩიქოვანი - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოზიციაა, რომ შარლ მიშელის დოკუმენტს ყველა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა მოაწეროს ხელი

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის რიკ დემსის ცხადი და ერთმნიშვნელოვანი პოზიციაა, რომ შარლ მიშელის დოკუმენტს ყველა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა მოაწეროს ხელი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ჩიქოვანმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ რიკ დემსთან საქართველოს პარლამენტში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ჩიქოვანის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ ვითარებასაც.

„მნიშვნელოვანია, რომ ეს ვიზიტი ხორციელდება და შეხვედრაზე ვსაუბრობთ იმ დადებით შედეგებსა და პრიორიტეტებზე, რაც ევროპის საბჭოს საქართველოს თავმჯდომარეობის დროს იყო.

მნიშვნელოვანია, რომ ევროპის საბჭოს დელეგაციის წევრები არ არიან დაკავებული მხოლოდ საქართველოს საკითხებით და ასევე მუშაობენ ისეთ თემებზე, რომელიც საერთო დღის წესრიგს წარმოადგენს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისთვის.

ვცდილობთ, ჩვენი გამოცდილება და შესაძლებლობები გავუზიაროთ ჩვენს პარტნიორებს ევროპის საბჭოში. რა თქმა უნდა, საუბარი გვქონდა იმ ვითარებაზე, რომელიც არის ჩვენს ქვეყანაში, განსაკუთრებით, ყურადღება გამახვილდა შარლ მიშელის დოკუმენტზე და პრეზიდენტის ცხადი და ერთმნიშვნელოვანი პოზიციაა, რომ დოკუმენტს, რომელიც იყო შექმნილი იმისთვის, რომ მოხდეს დეესკალაცია და პოლარიზაცია შემცირდეს, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა მოაწეროს ხელი. მისი პოზიციაა, რომ ყველა უნდა მონაწილეობდეს ამ დოკუმენტის აღსრულებაში“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

დატოვე კომენტარი