ირაკლი ჩიქოვანი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ინიციატივით გამოვიდა, რეზოლუციის პროექტში „სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი“, ჩანაცვლდეს ტერმინით „აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთი“
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი ინიციატივით გამოვიდა, რეზოლუციის პროექტში, ( პარაგრაფი 9.1.1.) სადაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები მოხსენიებულია „სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი“, ჩანაცვლდეს ტერმინით „აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთი“.
როგორც ჩიქოვანმა განაცხადა, ეს მრავალ საერთაშორისო დოკუმენტში გამოიყენება და ამით გარკვეულწილად წინ აღუდგებიან რუსეთის პროპაგანდისტულ ნარატივს.
ჩიქოვანის ამ ინიციატივას საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის წარმომადგენელმა, პიოტრ ტოლსტოიმ უპასუხა.
„ის, რასაც კოლეგა პროპაგანდისტულ ნარატივად მოიხსენიებს, რეალობაა. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არასდროს დაუბრუნდება საქართველოს. ამიტომ ჩვენ წინააღმდეგი ვართ ასეთი შესწორების. უაზრობაა, დამოუკიდებელ ქვეყანას სხვა ქვეყნის რეგიონად მოიხსენიებდე და მის წინააღმდეგ სამხედრო ძალას იყენებდე. თუ თქვენ იყენებთ სამხედრო ძალას საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ, მზად იყავით იმისთვის, რომ თქვენ მათ საქართველოს შემადგენლობაში ვეღარ იხილავთ“, – განაცხადა პიოტრ ტოლსტოიმ.