ირაკლი ჩიქოვანი - ჩვენი მიზანია ნატო-ში სრული ინტეგრაცია, ბოლო ათ წელში მიღწეული შედეგების გამო ალიანსის ლიდერები საუბრობენ, რომ საქართველო არამოკავშირე სახელმწიფოებში ყველაზე ახლო პარტნიორია
ირაკლი ჩიქოვანი - ჩვენი მიზანია ნატო-ში სრული ინტეგრაცია, ბოლო ათ წელში მიღწეული შედეგების გამო ალიანსის ლიდერები საუბრობენ, რომ საქართველო არამოკავშირე სახელმწიფოებში ყველაზე ახლო პარტნიორია

ადამიანები, რომლებიც სვამდნენ კითხვას, არსებობს თუ არა რამე კითხვის ნიშანი ჩვენს ნატო-ში ინტეგრაციასთან დაკავშირებით, არ ისმენდნენ პასუხს და მხოლოდ საკუთარ კითხვებს აჟღერებდნენ. პასუხი მარტივია: ნატოში სრული ინტეგრაცია არის ჩვენი მიზანი, რომელიც გაწერილია კონსტიტუციით, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რა შედეგიც აქვს საქართველოს ბოლო ათი წლის განმავლობაში, სწორედ ამ შედეგების გამო ალიანსის ლიდერები საუბრობენ იმაზე, რომ საქართველო არის არამოკავშირე სახელმწიფოებში ყველაზე ახლო პარტნიორი ალიანსისთვის.

„ჩვენს სახელმწიფოს, ჩვენს თავდაცვის ძალებს ნატო-სთან ურთიერთობის ძალიან დიდი ისტორია აქვს. ზუსტად ამიტომაც არის, რომ ის შედეგები, რაც გვაქვს, განსაკუთრებით ის შედეგები, რომლებიც იქნა მიღწეული ბოლო ათი წლის განმავლობაში, ზუსტად ამიტომაც არის, რომ ალიანსის ლიდერები საუბრობენ იმაზე, რომ საქართველო არის არამოკავშირე სახელმწიფოებში ყველაზე ახლო პარტნიორი ალიანსისთვის. ამიტომ, ჩვენი თანამშრომლობა და მონდომება ნამდვილად არის დადასტურებული არა მხოლოდ ჩვენ მიერ, არამედ ჩვენი პარტნიორების მხრიდანაც, თვითონ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.