ირაკლი ჩიქოვანი - ჩვენ ამაყად, ჩვენი ეროვნული ინტერესებისა და ღირებულებების დაცვით შევძლებთ, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი
ირაკლი ჩიქოვანი - ჩვენ ამაყად, ჩვენი ეროვნული ინტერესებისა და ღირებულებების დაცვით შევძლებთ, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი

ერთი დიდი მოლოდინი გვაქვს და ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც ევროპულმა საბჭომ უნდა მიიღოს ამ კვირის ბოლოს. ჩვენ ამაყად, ეროვნული ინტერესებისა და ღირებულებების დაცვით შევძლებთ, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ჩიქოვანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფოს მხრიდან ბევრი სამუშაოა გაწეული.

„ეს არის ასოცირების შეთანხმება, რომელიც ჩვენი ქვეყნის სექტორულ რეფორმებს ითვალისწინებს და მოქალაქეების ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესებისკენაა მიმართული; ეს არის უვიზო მიმოსვლა, რომელიც იყო ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა და რომელმაც საშუალება მისცა საქართველოს ათიათასობით მოქალაქეს, თავისუფლად გადაადგილებულიყო ევროპის ქვეყნებში, თავისუფლად ესწავლა, თავისუფლად ეწარმოებინა ბიზნესი და თავისუფალი მიმოსვლა ჰქონოდა; ეს ასევე არის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებისთვის და საქართველოს ბიზნესისთვის, თავისუფლად ივაჭრონ ევროპის მნიშვნელოვან ბაზარზე. ეს მიღწევები მარტივი არ ყოფილა. ამას დასჭირდა წლები და ეს წლები ხასიათდებოდა, როგორც საქართველოს ლიდერობის წლები“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

მისი თქმით, აღმოსავლეთ პარტნიორობაში საქართველო უპირობო ლიდერი იყო და ამას ყველა აღიარებდა, თუმცა ეს საკითხი არცერთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის მხრიდან დადებითი შეფასების საგანი არასდროს ყოფილა.

„ყველას დადებითი, პოზიტიური მოლოდინი გვაქვს. ველოდებით დამსახურებულ გადაწყვეტილებას, თუმცა ამას დიდი შიშით ელოდება ოპოზიცია, რადგან მათ ამ წლების განმავლობაში ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ხელი შეეშალათ ამ პროცესისთვის და მოინდომეს, გაემიჯნათ საქართველოს ხელისუფლება საქართველოს მოქალაქეებისგან. ახლა, როდესაც ყველა ოფიციალური პირმა, რომელიც ევროკავშირიდან გამოეხმაურა იმ გადაწყვეტილებას, რომელიც კვირის ბოლოს უნდა იქნეს მიღებული, დააფიქსირა, რომ უზარმაზარია პროგრესი და იმ გადაწყვეტილებების მნიშვნელობა, რომლებსაც, სამწუხაროდ, ჩვენ ვიღებთ მარტო, ოპოზიციის ჩართულობის გარეშე, ამ პირობებში, ისინი უკვე ცდილობენ, რაღაცნაირად გახდნენ ამ პროცესის თანამონაწილეები. გახდნენ თანამონაწილე იმ დიდი გამარჯვებისა და შედეგისა, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ, მიაღწია „ქართულმა ოცნებამ“. დიახ, „ქართულმა ოცნებამ“ ამ შედეგს მიაღწია საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის. დიახ, ჩვენ ამაყად, ჩვენი ეროვნული ინტერესების, ჩვენი ღირებულებების დაცვით შევძლებთ, გავხდეთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.