ირაკლი ჩიქოვანი - ბუნდესტაგში შეხვედრებზე ხაზი გაესვა, რომ საქართველოს სტრატეგიული მიზნების მიღწევის მხრივ გერმანიის პოლიტიკურ მხარდაჭერას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება
ირაკლი ჩიქოვანი - ბუნდესტაგში შეხვედრებზე ხაზი გაესვა, რომ საქართველოს სტრატეგიული მიზნების მიღწევის მხრივ გერმანიის პოლიტიკურ მხარდაჭერას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩიქოვანი სოციალურ ქსელში ეხმაურება გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებს.

როგორც ჩიქოვანი აღნიშნავს, გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის თანათავმჯდომარესა და „ქართული ოცნების“ დელეგაციის შეხვედრაზე საუბარი შეეხო გერმანიის როლსა და მხარდაჭერას ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესში.

„გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის თანათავმჯდომარე ლარს კლინგბაილს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარესთან ირაკლი კობახიძესთან ერთად შევხვდით.

შეხვედრაზე ვისაუბრეთ გერმანიის როლსა და მხარდაჭერაზე ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესში და ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაზე. მასპინძელი მხარისგან აღინიშნა, რომ გერმანია მხარს უჭერს ჩვენს ინტეგრაციას ევროპულ სტრუქტურებში და მაქსიმუმი გაკეთდება იმისთვის, რომ წარმატებებს მივაღწიოთ ამ გზაზე“, – წერს ჩიქოვანი.

მისივე თქმით, საქართველოს დელეგაციამ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, ბუნდესტაგში სამუშაო შეხვედრები გამართა.

„შეხვედრებზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების გადაწყვეტილებას, საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგის აქტუალურ საკითხებსა და ქვეყნის ევროკავშირში შემდგომი ინტეგრაციის მნიშვნელობას.

საუბარი შეეხო ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით მიღწეულ პროგრესს და ხაზი გაესვა, რომ საქართველოს სტრატეგიული მიზნების მიღწევის კუთხით გერმანიის პოლიტიკურ მხარდაჭერას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

გამართულ შეხვედრებზე ყურადღება, რა თქმა უნდა, გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ ვითარებაზე“, – წერს ირაკლი ჩიქოვანი.