ირაკლი ჩიქოვანი ბერლინში, გაერო-ს სამშვიდობო მისიების მინისტერიალში მონაწილეობს
ირაკლი ჩიქოვანი ბერლინში, გაერო-ს სამშვიდობო მისიების მინისტერიალში მონაწილეობს

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დედაქალაქი გაერო-ს სამშვიდობო მისიების მინისტერიალს მასპინძლობს. მინისტერიალი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეპულმა, თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა და გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა გახსნეს.

უმაღლესი დონის პოლიტიკურ ფორუმში ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი გერმანელი კოლეგის, ბორის პისტორიუსის ოფიციალური მიწვევით მონაწილეობს.

ირაკლი ჩიქოვანი სიტყვით გამოვიდა პანელურ დისკუსიაზე – „სამშვიდობო მისიების რეფორმა: უფრო ეფექტიანი და უსაფრთხო სამშვიდობო ოპერაციები“.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა გაერო-ს სამშვიდობო მისიების მნიშვნელობაზე, ახალ ინიციატივებზე, გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე.

როგორც ჩიქოვანმა აღნიშნა, საქართველო, როგორც საერთაშორისო ურთიერთობების პასუხისმგებლიანი აქტორი, წლების განმავლობაში აქტიურად მონაწილეობდა არა მხოლოდ გაერო-ს, არამედ ნატო-სა და ევროკავშირის მისიებში.

მინისტერიალი მიზნად ისახავს გაერო-ს სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილე ქვეყნების მზადყოფნას გაერო-ს არსებულ თუ სამომავლო სამშვიდობო მისიებში ჩართვასა და კონტრიბუციასთან დაკავშირებით. ბერლინის მინისტერიალში 112 სახელმწიფოს თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები, ასევე გაერო-ს, ევროკავშირის, ნატო-ს, ეუთო-სა და წითელი ჯვრის მაღალი დონის პოლიტიკური პირები მონაწილეობენ. გაერო-ს სამშვიდობო მინისტერიალი პირველად 2016 წელს ჩატარდა და მას შემდეგ ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იმართება.

ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.