ირაკლი ჩიქოვანი - კონკრეტული უწყებები მიიღებენ დავალებებს, რათა თურქ მოქალაქეებს, ბიზნესმენებს, ასევე საქართველოს მოქალაქეებსა და ბიზნესმენებს გაუადვილდეთ ურთიერთობა
ირაკლი ჩიქოვანი - კონკრეტული უწყებები მიიღებენ დავალებებს, რათა თურქ მოქალაქეებს, ბიზნესმენებს, ასევე საქართველოს მოქალაქეებსა და ბიზნესმენებს გაუადვილდეთ ურთიერთობა

საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანის შეხვედრა ძალიან შედეგიანი იყო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა გიორგი გახარიას თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ყურადღება გაამახვილა თურქეთის რესპუბლიკაში გიორგი გახარიას ვიზიტის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ის კონკრეტული შედეგებით დასრულდა.

„შეხვედრები გაიმართა უმაღლეს დონეზე. პრემიერ-მინისტრი შეხვდა როგორც რესპუბლიკის პრეზიდენტ ერდოღანს, ასევე ვიცე-პრეზიდენტსა და პარლამენტის ხელმძღვანელობას. აბსოლუტურად ყველა შეხვედრაზე გამოითქვა პოზიტიური და დადებითი მიდგომები ქართულ-თურქულ ურთიერთობებთან მიმართებით. თუმცა, ორივე მხარემ აღნიშნა, რომ არსებობს შესაძლებლობები, რომ ჩვენ კიდევ უფრო განვავითაროთ ორმხრივი ურთიერთობები. ეს განსაკუთრებით ეხება სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს. აქ დიდი პოტენციალი აქვს, როგორც საქართველოს მხრიდან ვაჭრობის გაზრდას, ასევე თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან. პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და პრეზიდენტ ერდოღანის შეხვედრა იყო ძალიან შედეგიანი, ის კონკრეტული შედეგებით დასრულდა. შეხვედრაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ უახლოეს პერიოდში შედგება სტრატეგიული საბჭო, ასევე ეკონომიკური გაფართოებული საბჭო, რომელზეც იქნება კონკრეტული საკითხები დასმული. როგორც ანკარაში, ასევე თბილისშიც კონკრეტული სამინისტროები და კონკრეტული უწყებები მიიღებენ დავალებებს, რათა როგორც თურქ მოქალაქეებს, თურქ ბიზნესმენებს, ასევე საქართველოს მოქალაქეებსა და ბიზნესმენებს, უფრო გაუადვილდეთ ერთმანეთთან ურთიერთობა“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.