ირაკლი ჩიქოვანი - „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ თვალსაზრისით, საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია, მოხდეს ჩვენი ქვეყნის მეტი ინტეგრაცია ევროკავშირის ინსტიტუტებთან
ირაკლი ჩიქოვანი - „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ თვალსაზრისით, საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია, მოხდეს ჩვენი ქვეყნის მეტი ინტეგრაცია ევროკავშირის ინსტიტუტებთან

უდავოდ დადებითად შეფასდა ის 10 წელი, რაც „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ ფუნქციონირებს და ასევე, არის მონდომება, რომ მომავალი 10 წლის განმავლობაში დაისახოს კონკრეტული, ამბიციური გეგმები, აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნებისთვის, – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ლიდერთა ვიდეოკონფერენციის შემდეგ განაცხადა, რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მონაწილეობდა.

როგორც ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, სამიტის მიზანი იყო, რომ დასახულიყო კონკრეტული გეგმები და შეჯამებულიყო ის მიღწევები, რომლებიც „აღმოსავლეთ პარტნიორობას“ გააჩნია.

„უდავოდ დადებითად შეფასდა ის 10 წელი, რაც „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ ფუნქციონირებს და ასევე, არის მონდომება, რომ მომავალი 10 წლის განმავლობაში დაისახოს კონკრეტული, ამბიციური გეგმები აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნებისთვის. „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ თვალსაზრისით, საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს თემას წარმოადგენს, მოხდეს საქართველოს კიდევ უფრო მეტი ინტეგრაცია ევროკავშირის ინსტიტუტებთან. საქართველოს მხრიდან ხაზგასმით იქნა აღნიშნული, რომ ჩვენს ინტერესს წარმოადგენს ეკონომიკური ინტეგრაცია და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ეკონომიკური ინტეგრაცია, რომელიც არის შემდგომი ნაბიჯი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შემდგომ და ასევე, რა თქმა უნდა, კავშირების გაღრმავება შავ ზღვაზე, რაც საფუძველს მისცემს და ხელს შეუწყობს საქართველოს მხრიდან და ასევე, ევროკავშირის მხრიდან, როგორც ვაჭრობას, ასევე ეკონომიკურ აქტივობას. ლიდერებმა ასევე ისაუბრეს იმის თაობაზე, რომ აუცილებლად შედგება სრულფასოვანი სამიტი, როგორც კი ამის საშუალებას პანდემიის საფრთხე მოგვცემს. შესაძლო თარიღად 2021 წლის დასაწყისია განსაზღვრული, რაც კიდევ ერთხელ ხაზგასმით მიანიშნებს, რომ ევროკავშირის ლიდერები მნიშვნელოვან როლს უთმობენ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სახელმწიფოებს და იმ თანამშრომლობას, რომელიც ჩვენ მათთან გაგვაჩნია“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა.

ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.