ირაკლი ჩიქოვანი აცხადებს, რომ ჯანდაცვის სამსახურებმა უკვე დაიწყეს იმ შესაძლო კონტაქტების მოკვლევა, რომელიც ე.წ. ქობულეთის კლასტერს უკავშირდება
ირაკლი ჩიქოვანი აცხადებს, რომ ჯანდაცვის სამსახურებმა უკვე დაიწყეს იმ შესაძლო კონტაქტების მოკვლევა, რომელიც ე.წ. ქობულეთის კლასტერს უკავშირდება

პრემიერ-მინისტრის მრჩევლის, ირაკლი ჩიქოვანის ინფორმაციით, ჯანდაცვის სამსახურებმა უკვე დაიწყეს ყველა იმ შესაძლო კონტაქტის მოკვლევა, რომელიც ე.წ. ქობულეთის კლასტერს უკავშირდება.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჩიქოვანმა განაცხადა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ასევე მედიკოსებმა და ეპიდემიოლოგებმა ადგილზე დაიწყეს პროაქტიური თერმოსკრინინგი, რის შედეგადაც ამ ადმინისტრაციული ერთეულების ყველა მოსახლე შემოწმდება.

მისი თქმით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იზრუნებენ იმაზე, რომ გვარას, მუხაესტატეს, ლეღვასა და წყავროკას ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობას არ შეექმნას პრობლემა როგორც საკვების მომარაგებაში, ასევე იმ მედიკამენტების უზრუნველყოფაში, რომელიც ადგილზე იქნება საჭირო.

„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ შეზღუდვები და მკაცრი ზომები ტარდება მისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად გავუმკლავდეთ „კოვიდ 19“-ის ვირუსის გავრცელებას, მაგრამ არც ერთი შემთხვევა და არც ერთი რეგულაცია ვერ იქნება ეფექტური, თუ ის თითოეულმა ჩვენმა თანამოქალაქემ არ დაიცვა და არ გაითვალისწინა. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, დარჩეთ სახლში და მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთვევაში გამოხვიდეთ გარეთ. ამით დავიცვათ, თითოეული ჩვენთაგანი და საქართველოს თითოეული მოქალაქე“, – აღნიშნა ჩიქოვანმა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის შემდეგ ადმინისტრაციულ ერთეულებში გვარაში, მუხაესტატეში, ლეღვაში და წყავროკაში შემოდის სპეციალური რეჟიმი და მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები წესდება.