ირაკლი ჩიქოვანი - 26 მაისი განასახიერებს საქართველოს მოქალაქეების გმირობით გაჯერებულ მუდმივ სწრაფვას თავისუფლებისკენ და თავისუფლებამოპოვებული სახელმწიფოს ბრძოლას დამოუკიდებლობისთვის
ირაკლი ჩიქოვანი - 26 მაისი განასახიერებს საქართველოს მოქალაქეების გმირობით გაჯერებულ მუდმივ სწრაფვას თავისუფლებისკენ და თავისუფლებამოპოვებული სახელმწიფოს ბრძოლას დამოუკიდებლობისთვის

26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე განასახიერებს საქართველოს მოქალაქეების თავგანწირვითა და გმირობით გაჯერებულ მუდმივ სწრაფვას თავისუფლებისკენ და თავისუფლებამოპოვებული სახელმწიფოს ბრძოლას დამოუკიდებლობისთვის, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ჩიქოვანის თქმით, საქართველოს დამოუკიდებლობა სხვადასხვა თაობის გმირების თავგანწირული ბრძოლის შედეგია.

„ქალბატონო პრეზიდენტო, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, მთავრობისა და პარლამენტის პატივცემულო წევრებო, მეუფე შიო, ბატონო თავდაცვის ძალების მეთაურო, ბატონო გენერლებო, ოფიცრებო, სერჟანტებო, კაპრალებო და რიგითებო, პატივცემულო სტუმრებო, ძვირფასო თანამემამულენო, გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. 26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე განასახიერებს საქართველოს მოქალაქეების თავგანწირვითა და გმირობით გაჯერებულ მუდმივ სწრაფვას თავისუფლებისაკენ და თავისუფლებამოპოვებული სახელმწიფოს ბრძოლას დამოუკიდებლობისათვის. სახელმწიფოებრიობის მრავალსაუკუნოვანი ისტორია, ქრისტიანულ ღირებულებებზე დაფუძნებული ტრადიციები, სხვადასხვა ეთნოსისა და აღმსარებლობის წარმომადგენლების მიერ გამდიდრებული იდენტობა, ტოლერანტობა და მრავალათასწლოვანი კულტურა წარმოადგენს ჩვენი სამშობლოს სიძლიერის საფუძველთა საფუძველს. 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას დაბადების დღეა. მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია, ეროვნული მოძრაობის თავკაცები – მათ უდიდესი წვლილი მიუძღვით ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობის აღდგენაში. დიდება მათ ხსოვნას!

მინდა, ეს დღე განსაკუთრებით მივულოცო თავდაცვის ძალების წარმომადგენელებს. თქვენი მხედრული სულისკვეთება და მაღალი პროფესიონალიზმი არის ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობის ფარი. ქართველი სამხედროების პროფესიონალიზმი და თავდადება საზოგადოდ არის აღიარებული. საქართველოს თავდაცვის ძალები ურთიერთთავსებადობის თვალსაზრისით მოწინავეა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ასპირანტ და პარტნიორ სახელმწიფოებს შორის. ეს აღიარება მაღალი პროფესიონალიზმის და უდიდესი თავგანწირვის ფასად არის დამსახურებული. საქართველოს დამოუკიდებლობა სხვადასხვა თაობის გმირების თავგანწირული ბრძოლის შედეგია. მინდა, პატივი მივაგო ყველა იმ გმირს, რომლებმაც სიცოცხლე შესწირეს ჩვენი ქვეყნის თავისუფლებასა და მსოფლიო მშვიდობის დაცვას. ქედს ვიხრი თითოეულის ხსოვნის წინაშე. მინდა, განსაკუთრებული პატივისცემა გამოვხატო მათი ოჯახების მიმართ. თქვენ აღზარდეთ გმირები. დღევანდელი დღე, მინდა, მივულოცო ჩვენს სახელოვან ვეტერანებს, რომლებიც ღირსეულად იბრძოდნენ საქართველოსთვის და მისი უკეთესი მომავლისთვის. საქართველოს დამცველებო, თქვენი თავდადება ფასდაუდებელია. ვულოცავ და დიდ მადლობას ვუხდი ჩვენს დაჭრილ-დაშავებულ მებრძოლებს, რომელთა დაუმარცხებელი სული სამაგალითოა ყველა ჩვენთაგანისთვის.

რეკრუტებო, მოგესალმებით, გილოცავთ 26 მაისს. თქვენ ისტორიულ დღეს დადეთ ფიცი და შემოუერთდით საქართველოს თავდაცვის ძალებს. მჯერა, ეს გადაწყვეტილება მუდამ იქნება თქვენი და თქვენი ოჯახების ერთ-ერთი ყველაზე საამაყო ნაბიჯი. დარწმუნებული ვარ. პირნათლად მოიხდით თქვენს სამხედრო ვალს საქართველოს წინაშე. რეკრუტებო, თავდაცვის ძალები ერთი დიდი ოჯახია, რომელიც აერთიანებს საქართველოს ყველა მოქალაქეს და აქვს უზენაესი სახელმწიფოებრივი მიზანი – დაიცვას ჩვენი სამშობლო“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

თავდაცვის მინისტრის განმარტებით, დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს ყველა იმ ადამიანს, ვინც თავისი შრომითა და მონდომებით ქმნის ქვეყნის ძლიერ და ნათელ მომავალს.

„ჩვენს ექიმებს, მასწავლებლებს, პოლიციელებს, უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს, საჯარო მოხელეებს, მეწარმეებს, ფერმერებს, ყველას, ვისაც თავისი წვლილი შეაქვს ჩვენი სახელმწიფოს მშენებლობაში და გაძლიერებაში. ყველანი ერთად ვაძლიერებთ დამოუკიდებელ, სუვერენულ საქართველოს, რაც მისი ყველა მოქალაქის თვითრეალიზების, განვითარებისა და ეკონომიკური კეთილდღეობის წინაპირობაა. ზუსტად ასეთი საქართველო დაიმკვიდრებს თავის ღირსეულ ადგილს ევროპულ ოჯახში. მინდა, მივმართო ჩვენს აფხაზ, ოს დებს და ძმებს, მხოლოდ ერთიან, ძლიერ და თავისუფალ საქართველოში შევძლებთ საკუთარი იდენტობის დაცვას და გაძლიერებას. სწორედ ერთიანი საქართველოა, და არა ოკუპაციით გახლეჩილი სამშობლო, კეთილი მომავლის საწინდარი. მტკიცედ მწამს, ჩვენ დავიბრუნებთ ერთმანეთს. კიდევ ერთხელ გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, გისურვებთ ჩვენი ქვეყნის გაერთიანებასა და გაძლიერებას“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.