ირაკლი ჩიქოვანი - 1991 წლის 31 მარტს საფუძველი ჩაეყარა იმ პრინციპებსა და ღირებულებებს, რასაც უნდა დაყრდნობოდა ჩვენი სამომავლო განვითარება
ირაკლი ჩიქოვანი - 1991 წლის 31 მარტს საფუძველი ჩაეყარა იმ პრინციპებსა და ღირებულებებს, რასაც უნდა დაყრდნობოდა ჩვენი სამომავლო განვითარება

1991 წლის 31 მარტი არის ყველაზე მნიშვნელოვანი დღე თანამედროვე ქართულ ისტორიაში, როდესაც შეიქმნა თანამედროვე ქართული სახელმწიფო, სადაც საფუძველი ჩაეყარა ყველა იმ პრინციპებსა და ღირებულებებს, რაზეც უნდა დაყრდნობილიყო ჩვენი სამომავლო განვითარება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, 31 მარტს არის თანამედროვე ქართული სახელმწიფოს შემოქმედის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეც.

დეპუტატის განცხადებით, ზვიად გამსახურდიამ ეროვნულობის ეტალონი შექმნა და მას შეუდარებელი როლი უჭირავს სახელმწიფოს ევროპული პერსპექტივის უზრუნველყოფაში.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველანი ვსაუბრობთ იმაზე, რომ ჩვენ გვაქვს უდიდესი შესაძლებლობები, ჩვენ გვაქვს უდიდესი პერსპექტივა, რა თქმა უნდა, ჩვენ ასევე უნდა გავაკეთოთ ანალიზი იმისა, თუ რა მოხდა მაშინ, როდესაც ჩვენ ვერ შევძელით და ვერ შევინარჩუნეთ ის დინამიკა, რომელიც ჰქონდა თავის დროზე აღებული ახალ ქართულ სახელმწიფოს, და სამწუხაროდ, მივედით სამოქალაქო დაპირისპირებამდე. მე მაშინ, ჯერ კიდევ ახალგაზრდას, კარგად მახსოვს დევნილობაში მყოფი ხელისუფლება, მე კიდევ ძალიან კარგად მახსოვს ის ტკივილი, რომელიც საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ განიცადა და ის დანაკარგი, რომელიც ჩვენ მივიღეთ. ჩვენ უნდა ვისწავლოთ გაკვეთილები და ზუსტად ასეთი დაპირისპირების თავიდან არიდების მიზნით, ყველა კარგად უნდა მივხვდეთ, რომ თითოეული ჩვენგანის მოქმედებაზეა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის პერსპექტივა დას განვითარება. ზუსტად ამით უნდა ვიხელმძღვანელოთ და ამით უნდა ვიყოთ თითოეული ჩვენგანი გამსჭვალული, როდესაც ვიღებთ ნებისმიერ გადაწყვეტილებას. და როდესაც ვსაუბრობთ ზვიად გამსახურდიაზე და ვსაუბრობთ ეროვნულ გმირზე, მე მიმაჩნია, რომ ეს ადამიანი არის არა მხოლოდ ეროვნული გმირი, არამედ ადამიანი, რომელმაც შექმნა ეროვნულობის ეტალონი, ეტალონი, რომელზეც სწორება უნდა აიღოს მთლიანად ქართულმა საზოგადოებამ და მომავალმა თაობებმა, ეს არის ადამიანი, რომელსაც მართლაც წარუშლელი და შეუდარებელი როლი უჭირავს ჩვენი სახელმწიფოს განვითარებასა და სახელმწიფოს ევროპული პერსპექტივის უზრუნველყოფაში“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

დატოვე კომენტარი