ირაკლი ჭეიშვილი – არავის მივცემთ უფლებას, ჩვენს შიდა პოლიტიკაში უხეშად ჩაერიოს, ევროკავშირმა საქართველოსთან მიმართებით ხელის გადაგრეხვის პრინციპი უნდა შეცვალოს

13:31, 05.11.2026

სუვერენულ ქვეყანაში, დამოუკიდებელ სასამართლოში არავინ უნდა ერეოდეს. სწორედ ამ პოლიტიკას ვატარებთ, რადგან დამოუკიდებელი და ეროვნული ხელისუფლება ვართ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა განაცხადა.

ჭეიშვილის თქმით, ევროკავშირმა საქართველოსთან მიმართებით ხელის გადაგრეხვის პრინციპი უნდა შეცვალოს.

„საქართველომ უნდა შეცვალოს პოლიტიკა და ქვეყანას ევროკავშირმა უნდა დუნიშნოს მოსამართლეები, პროკურორები და შიდა პოლიტიკური პროცესი უნდა მართოს? სუვერენულ ქვეყანაში დამოუკიდებელ სასამართლოში არავინ უნდა ერეოდეს. სწორედ ამ პოლიტიკას ვატარებთ, რადგან დამოუკიდებელი და ეროვნული ხელისუფლება ვართ.

არავის მივცემთ უფლებას, შიდა პოლიტიკაში, ჩვენ სუვერენიტეტში უხეშად ჩაერიოს. მარტა კოსი პოლიტიკის შეცვლას რას ეძახის, იმას, რომ ევროკავშირმა ქვეყანას მოსამართლეები, პროკურორები დაუნიშნოს და მართოს პროცესი? ბოლო რა იქნება, საქართველოში მარიონეტული ხელისუფლება მოიყვანონ? ეს არის მათი მიზანი და სწრაფვა. ჩვენთან სწორედ ამიტომ ვერ ნახულობენ საერთო ენას. მზად ვართ, ევროკავშირთან ნებისმიერ მწვავე თემაზე ვისაუბროთ. ჩვენ ევროკავშირთან მეგობრობის რეჟიმში ვრჩებით და ვინმეს თუ აქვს რაიმე შესაცვლელი ამ ურთიერთობაში, ევროკავშირია.

ევროკავშირმა საქართველოსთან მიმართებით ხელის გადაგრეხვის პრინციპი უნდა შეცვალოს. რეკომენდაციებს გავითვალისწინებთ თუ არა, ამას წყვეტს საქართველო. როდესაც ევროკავშირი უხეშად ერევა სუვერენიტეტში, ჩვენ ყოველთვის ვიმოქმედებთ ჩვენი სუვერენიტეტის და ეროვნული პრინციპების დაცვით“, – განაცხადა ირაკლი ჭეიშვილმა.

მსგავსი