ირაკლი ბერაია - საქართველო მხარს უჭერს ევროპაში უსაფრთხოების, დაცულობის პრინციპებს და არის პარტნიორების გვერდით საერთაშორისო მშვიდობის უზრუნველყოფის პროცესში
ირაკლი ბერაია - საქართველო მხარს უჭერს ევროპაში უსაფრთხოების, დაცულობის პრინციპებს და არის პარტნიორების გვერდით საერთაშორისო მშვიდობის უზრუნველყოფის პროცესში

საქართველო არის ევროკავშირის მოკავშირე და უსაფრთხოების საკვანძო პარტნიორი ჩვენს ტურბულენტურ რეგიონში, ხოლო თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ჩვენი პარტნიორობა აღწევს უპრეცედენტო დინამიკას. ჩვენ მხარს ვუჭერთ და ერთგული ვართ ევროპაში უსაფრთხოებისა და დაცულობის პრინციპების და ვდგავართ ჩვენი პარტნიორების გვერდით საერთაშორისო მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის პროცესში, – განაცხადა თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკისა (CFSP) და ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) საპარლამენტთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, საქართველოს უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვს ევროკავშირის კრიზისების მართვის ოპერაციებში.

„ჩვენი საერთო ღირებულებების, ჩვენი გამოცდილების, მზაობისა და გაუარესებული უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით, ჩვენ გვწამს, რომ კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს უსაფრთხოების სფეროში ჩვენი მჭიდრო პარტნიორობა”, – განაცხადა ბერაიამ.

დეპუტატმა ასევე გამოთქვა მზაობა ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობაზე სტრატეგიულ ჭრილში დასახული პრიორიტეტების განხორციელების მიზნით, მათ შორის ევროკავშირი-ნატო-ს დიალოგის ფარგლებში PESCO-ში მონაწილეობით და საერთო მედეგობის გაძლიერების ნაბიჯებით.

„ჩვენ უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის როლს საქართველოში, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებაში და სრულად ვიზიარებთ იმ სულისკვეთებას, რომელიც საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) გაძლიერებულმა მისიებმა უნდა უზრუნველყონ ახალ საფრთხეებთან დროული ადაპტირებისთვის და გააძლიერონ მათი ეფექტიანობა, განსაკუთრებით, უსაფრთხოების ახალ კონტექსტში. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ რუსეთზე უნდა განხორციელდეს მუდმივი და მზარდი წნეხი, რათა მან შეუფერხებლად დაუშვას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ოკუპირებულ რეგიონებში და შეასრულოს ევროკავშირის მედიაციით მიღწეული ექვსპუნქტიანი შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ”, – აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ.

საქართველოს დელეგაცია კონფერენციას ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის ხელმძღვანელობით ესწრებოდა. მასთან ერთად ღონისძიებაში მონაწილეობდნენ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო იობაშვილი და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვლადიმერ ჩაჩიბაია.

ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებზე საპარლამენტთაშორისო კონფერენცია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის ფარგლებში 2012 წლიდან ტარდება, სადაც მონაწილეობენ ევროპარლამენტარები, ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოსა და კანდიდატი ქვეყნების ეროვნული პარლამენტების შესაბამისი წევრები და ევროკავშირის ინსტიტუტების მაღალი რანგის წარმომადგენლები. საქართველოს დელეგაცია ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, შვედეთისა და საპრეზიდენტო ტრიოს მიერ პირველად იქნა მიწვეული.