ირაკლი ბერაია - ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო ალიანსისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია
ირაკლი ბერაია - ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო ალიანსისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია

საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ნატო-ს გენერალური მდივნის შეხვედრა კიდევ ერთხელ ადასტურებს ნატო-საქართველოს ურთიერთობების სიმტკიცეს, მის მზარდ დინამიკას, ალიანსის უმაღლეს დღის წესრიგში ჩვენი ქვეყნის საკითხის პრიორიტეტულობასა და მნიშვნელობას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ განაცხადა. 

მისივე თქმით, გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო ალიანსისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი.

ამასთან, როგორც ბერაიამ განაცხადა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნატო-ს ტრიბუნიდან აღნიშნა, რომ საქართველოს ღირებულებებზე დაფუძნებული არჩევანის გათვალისწინებით, ევროატლანტიკური მიმართულებით ქვეყნის დაწინაურებისა და წინსვლის დრო დადგა.

„საქართველო არის ნატო-ს ყველაზე თავსებადი ასპირანტი პარტნიორი, გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორი, ალიანსის ყველაზე წინ წაწეული პარტნიორი წევრობის თვალსაზრისით და ეს გამოხატულია ალიანსთან პარტნიორობის როგორც პოლიტიკური, ასევე პრაქტიკული ასპექტებით. ეს შეხვედრა თავისთავად არის ძალიან მნიშვნელოვანი დატვირთვის მატარებელი. გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო ალიანსისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი. მან აღნიშნა შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობა, ამ საკითხის პრიორიტეტულობა როგორც ალიანსისთვის, ასევე საქართველოსთვის. სრული მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესისა და ჩვენი ქვეყნის რეფორმებისადმი. რა თქმა უნდა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება, როდესაც მან ქართველი ხალხის ღირებულებებზე დაფუძნებული არჩევანის შესახებ კიდევ ერთხელ განაცხადა ნატო-ს ტრიბუნიდან და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ღირებულებებზე დაფუძნებული არჩევანის გათვალისწინებით, ჩვენი ქვეყნის პროგრესით და საქართველოს აქტიური წვლილით ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში დადგა დრო, ამ მიმართულებით ჩვენი ქვეყნის დაწინაურების და წინსვლის“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

რაც შეეხება მოლაპარაკებების პროცესს, ბერაიას თქმით, ნატო-ს გენერალური მდივანი იმედოვნებს, რომ პოზიციები დაახლოება მოხდება.

„როდესაც პოლიტიკოსი არღვევს კანონს და ამისთვის შემდეგ ხდება მისი დაკავება, ბუნებრივია, ეს ზრდის ინტერესს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებში. სწორედ ეს აღნიშნა გენერალურმა მდივანმა. ის მხარს უჭერს მედიაციის პროცესს. რა თქმა უნდა, იმედოვნებს, როგორც ყველა ჩვენგანი, რომ მოხდება პოზიციების დაახლოება და გამოსავლის მონახვა“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.