ირაკლი ბერაია - ნატო და მისი მოკავშირეები საქართველოს განიხილავენ და ესაუბრებიან არა მხოლოდ როგორც სანდო პარტნიორს, არამედ როგორც ალიანსის მომავალ წევრ სახელმწიფოს
ირაკლი ბერაია - ნატო და მისი მოკავშირეები საქართველოს განიხილავენ და ესაუბრებიან არა მხოლოდ როგორც სანდო პარტნიორს, არამედ როგორც ალიანსის მომავალ წევრ სახელმწიფოს

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა, ბუქარესტში მიმდინარე ნატო-ს მინისტერიალის შესახებ, სადაც მისი თქმით, ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების უმნიშვნელოვანესი საკითხები განიხილება.

„ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მინისტერიალის წინა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ბუქარესტში გადაიდგმება შემდგომი ნაბიჯები როგორც უკრაინის, ასევე, რუსეთის ზეწოლის ქვეშ მყოფი ალიანსის ღირებული პარტნიორის, საქართველოს მხარდაჭერის გასაძლიერებლად, ჩვენი მედეგობის და თავდაცვისუნარიანობის განსამტკიცებლად. მინისტერიალის ამგვარი დღის წესრიგი და მასში საქართველოს მონაწილეობა, რომელსაც წარმოადგენს საგარეო საქმეთა მინისტრი, ადასტურებს გააზრებულ ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში საქართველოს განსაკუთრებულ ადგილს და ნატო-ს მოკავშირეებისთვის ჩვენი ქვეყნის მზარდ მნიშვნელობას და პრიორიტეტულობას. ეს მკაფიოდ მიუთითებს, რეგიონული უსაფრთხოების გარემოს გაუარესების საპასუხოდ, საქართველოს მიმართ მეტი ყურადღების და მეტი რესურსების კონცენტრაციაზე, მეტ პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერაზე და იმაზე, რომ ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები არმიღება საქართველოს ჩართულობის და ჩვენი ქვეყნის ინტერესების გათვალისწინების გარეშე“, – აღნიშნა ირაკლი ბერაიამ.

კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს საკითხი სოლიდურ ადგილს იკავებდა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დღის წესრიგში, სადაც ალიანსის 30-მა სახელმწიფომ რეზოლუციებით დააფიქსირა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერა.

„სესიის ფარგლებში, ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწესთან და წევრი სახელმწიფოების დელეგაციებთან გამართულ ორმხრივ შეხვედრებზე, ჩვენმა პარტნიორებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე საქართველომ შთამბეჭდავ პროგრესს მიაღწია და რომ ურყევია ჩვენი ევროატლანტიკური მისწრაფების მიმართ მათი მხარდაჭერა.

ნატო და მისი მოკავშირეები საქართველოს განიხილავენ და ესაუბრებიან არა როგორც მხოლოდ სანდო პარტნიორს, არამედ როგორც ალიანსის მომავალ წევრ სახელმწიფოს, რომელსაც აქვს ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების განმტკიცების არა მხოლოდ სურვილი, არამედ შესაძლებლობაც. ნატო-საქართველოს თანამშრომლობა არასდროს ყოფილა ისე დინამიური და შინაარსობრივი, ჩვენი ქვეყანა არასდროს ყოფილა ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში ისე წინ წაწეული, როგორც დღეს“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

მისივე თქმით, საქართველო ევროატლანტიკური უსაფრთხოების წინა ხაზზე იმყოფება და საკვანძო როლს ასრულებს რეგიონში რუსეთის და რუსული გავლენების შეკავებაში.

„იმ პირობებში, როდესაც რუსეთი აწარმოებს კონვენციურ და ჰიბრიდულ ომს რეგიონში, როდესაც ალიანსი ახორციელებს ისტორიაში უპრეცედენტო მასშტაბის ძალთა სტრუქტურის და განლაგების ადაპტაციას, როდესაც ნატო-ს ევროპელი მოკავშირეები მიისწრაფვიან ენერგო რესურსების და ტრანსპორტირების მარშრუტების დივერსიფიკაციისკენ, როდესაც ევროატლანტიკური სივრცის სრულფასოვანი უსაფრთხოება წარმოუდგენელია შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გარეშე, კიდევ უფრო იზრდება საქართველოს მნიშვნელობა და მისი ნატო-ში გაწევრიანების საჭიროება. საქართველო, თავის მხრივ, მზად არის ნატო-ში გაწევრიანებისთვის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში საკუთარ თავზე მეტი პასუხისმგებლობის აღებისთვის. შესაბამისად, აუცილებელია ცალკეული მოკავშირეების გეოპოლიტიკური გამოფხიზლება და ჩვენი ქვეყნის ალიანსში ინტეგრაციის გადაწყვეტილების დაჩქარება. ნატო-ში ინტეგრაცია არის ჩვენი უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტი და ქართული საზოგადოების ღირებულებებზე დაფუძნებული არჩევანი“, – აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.