ირაკლი ბერაია - გაუგებარია, რატომ მოხვდა 5-6 ივლისის მოვლენები სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში, სახელმწიფო, რომელიც წარმატებით ებრძვის ტერორიზმს, ექსტრემიზმს, არასდროს წაახალისებს ძალადობას
ირაკლი ბერაია - გაუგებარია, რატომ მოხვდა 5-6 ივლისის მოვლენები სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში, სახელმწიფო, რომელიც წარმატებით ებრძვის ტერორიზმს, ექსტრემიზმს, არასდროს წაახალისებს ძალადობას

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ძალიან მკაფიოდ არის აღნიშნული, რომ საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი ტერორიზმთან ბრძოლის სფეროში.

მისივე თქმით, დოკუმენტში ასევე მითითებულია, რომ საქართველოს აქვს ეფექტური საკანონმდებლო სისტემა, რომ ტერორიზმთან დაკავშირებულ საკითხებზე მოახდინოს მყისიერი რეაგირება.

„სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ძალიან მკაფიოდ არის აღნიშნული, რომ საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი ტერორიზმთან ბრძოლის სფეროში, ის, რომ საქართველოს შესაბამისი უწყებები, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განსაკუთრებით, კარგად არის აღჭურვილი და მომზადებული უწყება, რომელსაც შესწევს უნარი გამოავლინოს, აღკვეთოს და ეფექტური საქმიანობა აწარმოოს ტერორისტული საფრთხეების წინააღმდეგ. აქ საუბარია ასევე იმ ღონისძიებებზე, რაც გადაიდგა აღნიშნულ სფეროში, მათ შორის, სასაზღვრო უსაფრთხოების კუთხით რადიაციული, ბიოლოგიური, ქიმიური და ბირთვული უსაფრთხოების სფეროში განხორციელებულ საქმიანობაზე, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველო წარმატებით ებრძვის ტერორიზმს. ასევე, მითითებული არის ძალიან მკაფიოდ, რომ პირები, ვინც იყვნენ კავშირში ტერორისტულ ჯგუფებთან ან ჰქონდათ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედება, იყვნენ მიცემული პასუხისგებაში და საქართველოს აქვს ეფექტური საკანონმდებლო სისტემა, რომ აღნიშნულ საკითხებზე მოახდინოს მყისიერი რეაგირება“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, მისთვის გაუგებარია, რატომ მოხვდა 5-6 ივლისის მოვლენები სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში, რადგან ამას არანაირი კავშირი არ აქვს ტერორიზმთან ბრძოლასთან.

მისი თქმით, სახელმწიფო, რომელიც წარმატებით ებრძვის ტერორიზმს, რადიკალურ ექსტრემიზმს, ბუნებრივია, არასდროს წაახალისებს ძალადობას.

„ასევე, ჩემთვის ცოტა გაუგებარი იყო, რატომ მოხვდა 5-6 ივლისის მოვლენები სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში, რადგან ამას არანაირი კავშირი არ აქვს ტერორიზმთან ბრძოლასთან. ვფიქრობ, რომ ეს კონკრეტული ნაწილი ეყრდნობა არაობიექტურ წყაროებს. იქ საუბარი არის, თითქოს სახელმწიფომ არ განახორციელა ეფექტური მოქმედებები ამ მოვლენების თავიდან ასაცილებლად და ვფიქრობ, რომ ეს არის მცდარი ინფორმაცია. ჩვენმა ხელისუფლებამ, სამართალდამცავმა სისტემამ გააკეთა ყველაფერი, რათა მომხდარიყო მყისიერად 5-6 ივლისის მოვლენების დროს ვითარების დეესკალაცია, ყოფილიყვნენ პასუხისგებაში ის პირები, ვის წინააღმდეგაც არსებობდა შესაბამისი მტკიცებულებები. უნდა ითქვას მკაფიოდ, სახელმწიფო, რომელიც წარმატებით ებრძვის ტერორიზმს, რადიკალურ ექსტრემიზმს, ბუნებრივია, არასდროს არ დააფარებს ხელს, არ წაახალისებს ძალადობას“, – განაცხადა ბერაიამ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ტერორიზმის შესახებ 2021 წლის ანგარიში გამოაქვეყნა.