ირაკლი ბერაია აცხადებს, რომ თავდაცვის ავტორიზაციის აქტში არანაირ სანქციებსა და გაფრთხილებაზე საუბარი არ არის
ირაკლი ბერაია აცხადებს, რომ თავდაცვის ავტორიზაციის აქტში არანაირ სანქციებსა და გაფრთხილებაზე საუბარი არ არის

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას განცხადებით, თავდაცვის ავტორიზაციის აქტში არანაირ შეზღუდვაზე, დათქმასა და პირობითობაზე საუბარი არ არის.

როგორც ჟურნალისტებს ბერაიამ განუცხადა, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში საქართველო მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერით სარგებლობს და ამისი ნათელი დადასტურებაა ქვეყნის მიმართ მხარდამჭერი გზავნილები სხვადასხვა სამართლებრივ აქტში.

„იცით, რომ კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ თავდაცვის ავტორიზაციის აქტი 21 ივლისს დაამტკიცა, 23 ივლისს კი- სენატმა. დოკუმენტში ძალიან მკაფიოდ და ხაზგასმით აღნიშნულია საქართველოს მხარდაჭერის შესახებ, ასევე ის, რომ საქართველო არის ამერიკის ღირებული პარტნიორი და ამერიკამ უნდა განაგრძოს ქვეყნის მხარდაჭერა.

დოკუმენტში საუბარია ასევე ანგარიშზე, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტმა კონკრესს უნდა მიაწოდოს ოკიპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ. ეს არის კიდევ ერთი ნათელი დადასტურება იმისა, რომ ჩვენ ორპარტიული მხარდაჭერით ვსარგებლობთ და ეს მხარდაჭერა არის მზარდი. არის შესწორებები, რომელიც ტეხასელმა სამმა კონგრესმენმა შეიტანეს. არანაირ პირობითობასა და დათქმაზე საუბარი არ არის, ეს არის მათი ინიციატივა. აქ პრობლემური და საგანგაშო არაფერია, როგორც ამის წარმოჩენას ცდილობენ. არანაირ შეზღუდვაზე, დათქმასა და პირობითობაზე საუბარი არ არის.

სახელმწიფო დეპარტამენტი კონგრესს ანგარიშს რეგულარულად აწვდის. თავდაცვის ავტორიზაციის აქტი ჯერ საბოლოოდ მიღებული არ არის, საჭიროა კონფერენცია, როცა გაერთიანება ხდება კონგრესისა და სენატის ნაწილების. როგორი იქნება საბოლოო ვერსია, ეს ცნობილი შემოდგომაზე გახდება. დოკუმენტში არანაირ სანქციებსა და გაფრთხილებაზე საუბარი არ არის. ფაქტიბრივად, ჩანაწერების სულისკვეთება არ ნიშნავს არანაირ სანქციებსა და გაფრთხილებას, ხდება საზედამხედველო პროცესის აღწერა და განხორციელება.

ვფიქრობ, როცა თავდაცვის ავტორიზაციის საბოლოო ვერსია იქნება, უფრო დაზუსტებით შევძლებთ იმის თქმას, სამი კონგრესმენის ჩანაწერი დარჩება თუ არა. ამ ჩანაწერების პოლიტიზირებას ოპოზიცია ცდილობს. როგორც ჩანს, ამ ადამიანებს გამოელიათ საზოგადოებისთვის სათქმელი და ამ საკითხის უკან შემოტრიალებას და სხვანაირად წარმოჩენას ცდილობენ”, – აღნიშნავს ბერაია.

მისივე განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებას ამბიციური და დემოკრატიული დღის წესრიგი აქვს, რომელსაც წარმატებით ახორციელებს.

„ამას ჩვენი პარტნიორების შეფასებები ადასტურებს, რასაც საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციები აქვეყნებენ. დესტრუქციული და რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, საკუთარი დღის წესრიგის შესაბამისად მოახდინოს სხვადასხვა ფაქტების ინტერპრირება“, – დასძინა ბერაიამ.

დატოვე კომენტარი